მარიამ ნებულიშვილი
07.08.2020

ბოლო პერიოდში საქართველოსთვის ყველაზე სისხლისმღვრელი და ტრაგიკული აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან მოქალაქეების უკანონო დაკავება. ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის მოგვარება კი კვლავ შორეულ ოცნებად რჩება. ექსპერტების შეფასებით, ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს ამ კონფლიქტის მოგვარება შეუძლია, მხარეებთან პირდაპირი დიალოგია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ამ ტერიტორიების რუსიფიკაციას, რათა მოგვიანებით უმტკივნეულოდ შეძლოს ანექსია.

„სამწუხაროდ, არაფერი არ შეცვლილა, ძალიან რთული ვითარებაა. რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. პირიქით, მას შემდეგ რაც, 12 აგვისტოს ხელი მოაწერე სარკოზის 6-პუნქტიან გეგმას, კიდევ უფრო გაართულა ვითარება და აღიაიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

„არსებითად სიტუაცია უფრო დამძიმებულია, ვიდრე იყო ამ დროის განმავლობაში. მგონია, რომ ქართული მხარე დროს კარგავს და ეს დრო არ მუშაობს არც ქართული, არც ოსური და არც აფხაზური მხარის სასარგებლოდ. დრო მუშაობს მხოლოდ რუსეთზე და იგებს მხოლოდ რუსეთი. ახდენს ამ მხარეების რუსიფიკაციას და დროთა განმავლობაში შეიძლება დაიწყოს ანექსიაზე ფიქრი. უნდა ვეცადოთ, რომ გვქონდეს რაც შეიძლება მჭიდრო კონტაქტები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან, რათა შევუქმნათ მათ მომავლის განცდა, დემოკრატიისკენ და ევროპისკენ", - ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტის მოგვარების საუკეთსო გზად ის, ორმხრივ მოლაპარაკებებს ასახელებს, ზაქარეიშვილის აზრით, საქართველომ უნდა გაითავისოს აფხაზური და ოსური მხარისთვის მნიშვნელოვანი თემები, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ ტერიტორიებზე საკუთარი ინეტრესები გაატაროს.

„აუცილებელია, რომ საქართველოს ჰქონდეს რეგულარული კონტაქტი, ყოველდღიური ურთიერთობა, სხვადასხვა ორმხრივი პროქეტები და არა ცალმხრივი. ჯერ უნდა იყოს მოლაპარაკებები და შემდეგ უნდა ხდებოდეს გარკვეული შეთანხმებების განხორციელება.

:არსებობს უამრავი წინადადება, რომლებიც ჩვენ არ გვესმის და არ ვრეკავთ, რომ გავიგოთ. მაგალითად, აფხაზურ და ოსურ მხარეს უნდა რომ საქართველომ მათთან განახორციელოს მოლაპარაკება ძალის არ გამოყენებაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის საჭირო, მაგრამ რადგან ისინი თვლიან ამას საჭიროდ, შესაძლებელია იყოს მოლაპარაკება ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით.

"მაგალითად, ქართული მოსახლეობის დაცვა გალის და ახალგორის რაიონში, განათლების, საკუთრების უფლება. ანუ ჩვენი წინადადებები ჩავდოთ, ამ ტიპის დოკუმენტებში.

"შეიძლება საუბარი იყოს დევნილების დაბრუნებაზე. ორმხრივი საკითხებია, რასაც აფხაზური და ოსური მხარეები აყენებენ, რადგან ისინი არ ფიქრობენ შერიგებაზე და ჩვენ ვფიქრობთ. ამიტომ, მათ წინადადებებზე უნდა ვმუშაობდეთ, მათ არ უნდა ვალაპარაკებდეთ, არ უნდა ვაძლევდეთ იმის თქმის საშუალებას ქართველები არ გველაპარაკებიანო. უნდა ავიღოთ მათი თემები, დავამუშავოთ და ვაქციოთ ქართულ თემებად.

„არაფრის კეთებით, არაფერს არ მივაღწევთ. ახლა არაფერი კეთდება, აქედან გამომდინარე თუ არაფერს არ გავაკეთებთ და სიტუაცია არ შეიცვლება. საქართველოს მთავრობა უგულვებელჰყობს აფხაზური და ოსური საზოგადოების ინტერესებს, ამით რუსეთი გაძლიერდება მხოლოდ.

"რუსეთი ელოდება, როდის შეიცვლება აფხაზეთში თაობა და როდის იქნება უფრო პრორუსული, ვიდრე ახლაა. დღეს აფხაზეთში არ არის პრორუსული თაობა, იქ არიან პროაფხაზები, ისინი ფიქრობენ დამოუკიდებლობაზე და ჩვენ გვეშინია, სინამდვილეში აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჩვენ რომც მოვინდომოთ, რუსეთს არ უნდა.

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხე არის არა აფხაზეთის დამოუკიდებლობაში, არამედ აფხაზეთის ანექსიაში, ამიტომ, კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმუშოთ, რომ არ დავუშვათ ანექსია. აღიარებას თავად რუსეთი არ დაუშვბს. ჩვენ კი გვიჭირს რუსული პოლიტიკის განცხადებებისა და რუსული პოლიტიკის რეალური ნაბიჯების ერთმანეთისგან განსხვავება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, აფხაზური მხარე მოლაპარაკებისთვის მზაობას გამოთქვამს. ოსურ მხარეთან დაკავშირებით კი საჭიროა უფრო მეტი პირდაპირი კონტაქტი. საქართველომ უნდა შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის ერთიანი პოლიტიკა.

„აფხაზური მხარე მზადაა დიალოგისთვის, მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება ბჟანიამ არაერთხელ თქვა, რომ საჭიროა ქართულ მხარესთან დიალოგი. რაც არ მოეწონა თვით აფხაზურ საზოგადოებას და ოპოზიციას. მიუხედავად ამისა, ბჟანია ჯიუტად განაგრძობს საუბარს, რომ საჭიროა ურთიერთობა საქართველოსთან, ამასვე იმეორებს უშიშროების საბჭოს მდივანი შამბა. აფხაზური მხარე, განსხვავებით სამხრეთ ოსეთისგან, მზაობას გამოთქვამს.

„ოსურ მხარესთან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, სულ საუბარი, რომ დავუშვათ მივდივარ ქუთაისში არაფერს არ ნიშნავს, უნდა დაჯდე მანქანაში და წახვიდე. ლაპარაკით და ტახტზე ჯდომით შედეგს ვერ მიიღებ, აუცილებელია მოქმედება. ოსური მხარის განცხადებებზე საჭიროა რეაგირება არასაჯარო, მაგრამ კულუარული.

"რაღაც ფორმით აუცილებელია საუბარი. ჩვენ ამ საკითხის პოლიტიზებას ვახდენთ. უამრავი თემაა რაზეც შეიძლება მათთან საუბრის დაწყება, ერგნეთის შეხვედრები დაიხურა, ახლა კიდევ კარგი აღდგა, მაგრამ ისევ და ისევ ტრაგიკული მოვლენის გამო, დააპატიმრეს ადამიანი.

„მოუგვარებელ კონფლიქტებში ადამიანების უფლებები ირღვევა, ამიტომ საჭიროა მუდმივი ჩართულობა, ჩვენ არ ვკონტაქტობთ ოსურ მხარესთან, როგორც კი ვიღაცას გაიტაცებენ, ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, ცხელ ხაზზე დავრეკეთ და შევატყობინეთო. პირდაპირი კონტაქტები არ არსებობს, სულ უცხოელებს ვურეკავთ, ესაა ყველაზე მეტად მიუღებელი.

"საჭიროა გვქონდეს პირდაპირი გასვლები და ურთიერთობები. აუცილებელია ჩამოყალიბდეს ქართული პოლიტიკა რა უნდა საერთოდ, რას ელოდება. რატომ გვგონია, რომ არაფერის კეთებით, რამე გამოვა. ის რაც აწუხებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას უნდა გავითავისოთ ჩვენც", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შედეგად დაიღუბა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშორმელი. ამ დრომდე დევინილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×