რეზონანსი
07.08.2020

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ვახტანგ (ვატო) ყიფიანის ოჯახი დაკავებულის სახელით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ყიფიანის ოჯახი კომაში მყოფი პაციენტის ოჯახს თანადგომას უცხადებს, ამასთან აღნიშნავს, რომ ვატოს მიმართ წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ყიფიანის დაკავება მათ დაუცველობის განცდას უჩენს. ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმების უდანაშაულობა მალე დამტკიცდება და ისინი ოჯახს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებიან.

„ვახტანგ ყიფიანის ოჯახის განცხადება !

ვახტანგ (ვატო) ყიფიანის ოჯახის სახელით, გვინდა გავაკეთოთ განცხადება ვატოსათვის წაყენებული ბრალდების თაობაზე.

პირველ რიგში, ჩვენი ოჯახი თანადგომას უცხადებს პაციენტის ახლობლებს/ნათესავებს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რამდენად რთულია ვახტანგის ოჯახისთვის წაყენებული უმძიმესი და უსაფუძვლო ბრალდება.

ვინც კი ვატოს იცნობს, ყველასთვის ცნობილია მისი საქმისადმი დამოკიდებულება და თავდადება. ვახტანგის საექიმო საქმიანობა აღემატება 20 წელს, ამ ხნის განმავლობაში, მან ათასობით წარმატებული და ურთულესი ოპერაცია ჩაატარა.

ვისაც კი მასთან უმუშავია, ყველა ადასტურებს მის საქმისადმი ერთგულებას და პროფესიონალიზმს, ამის ფონზე, უმძიმესი მოსასმენია ბრალდება, რომ თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ექიმი, ფულის გამოძალვის მიზნით ახალგაზრდა გოგონას უტარებდა ოპერაციას, რომლის კვალიფიკაციაც არ გააჩნდა. განსაკუთრებით მძიმეა უსამართლობის განცდა, მაშინ როდესაც დადასტურებული ფაქტია, რომ პაციენტის დამძიმებამდე და შემდგომ პერიოდში, არანაირი მანიპულაცია მას არ განუხორციელებია და შესაბამისად, ვერც გამოიწვევდა პაციენტის ამ მდგომარეობამდე მიყვანას.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ოჯახში, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მისი და გიორგი ლობჟანიძის დაკავების ამგვარი ფორმა, განსაკუთრებულ უსამართლობისა და დაუცველობის განცდას გვიტოვებს ოჯახსა და ახლობლებს.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია მომხდარი ამბის არასწორი ინტერპრეტაციის ფონზე, ვახტანგის საზოგადობისთვის კრიმინალად წარმოჩენა და უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენა.

აქვე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ მთელს სამედიცინო საზოგადოებას, გამოჩენილ ადამიანებს, უამრავ მადლიერ პაციენტს და ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ვატოს და გიორგის მდგომარეობა და გვერდში დაუდგა ამ რთულ ვითარებაში.

გვინდა ყველას გულწრფელად გთხოვოთ, არ მოხდეს ამ ვითარების პოლიტიზირება და გამოყენება რაიმე სხვა მიზნებისთვის, რადგან უნდა გვესმოდეს რომ საქმე ეხება უდანაშაულო ექიმებისა და სპეციალისტების მომავალს.

ვიმედოვნებთ, სასამართლოს გზით, დადასტურდება ვახტანგისა და გიორგის უდანაშაულობა და ისინი მალე დაუბრუნდებიან თავიანთ საქმიანობას, ოჯახს და მეგობრებს!“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×