ტატა შოშიაშვილი
08.08.2020

„იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი და მისი გუნდი გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, შეიცვლება ტრამპის საგარეო და შიდა პოლიტიკა, ანუ ამერიკის პოლიტიკა დაუბრუნდება ტრადიციულ ჩარჩოებს... ჩვენს რეგიონში კი აქცენტი გაკეთდება საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზეც. ეს რეგიონი კვლავ აშშ-ის ყურადღების ქვეშ დარჩება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია ამერიკელი ისტორიკოსის, ალან ლიჰტმანის პროგნოზს აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო „სი ენ ენ-ის" ცნობით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიჰტმანი 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველ ჯერზე ზუსტ პროგნოზს აკეთებს. იგი მხოლოდ ერთხელ შეცდა - 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გამარჯვება უწინასწარმეტყველა დემოკრატების წარმომადგენელ ალბერტ გორს.

თუმცა, მის გასამართლებლად უნდა ითქვას, რომ მაშინ გორმა მეტად მცირე სხვაობით წააგო ჯორჯ ბუშ უმცროსთან და არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად ფლორიდაში ხმების ხელახლა გადათვლაც კი გახდა საჭირო.

ალან ლიჰტმანს პროგნოზირებისათვის საკუთარი სისტემაც აქვს შექმნილი - „13 გასაღების თეორია". იგი ითვალისწინებს კანდიდატებთან დაკავშირებულ სკანდალებს, საზოგადოების რეაქციას, ეკონომიკურ ფაქტორებსა და ა.შ., თუმცა სრულიად უგულვებელყოფს გამოკითხვების შედეგებსა და პოლიტიკოსების რეიტინგებს.

„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩა აცხადებს, რომ ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ბაიდენი და დემოკრატები მეტად ტრადიციული ხერხებით დაიწყებენ მოქმედებას:

„იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი და მისი გუნდი გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, შეიცვლება ტრამპის საგარეო და შიდა პოლიტიკა, ანუ ამერიკის პოლიტიკა დაუბრუნდება ტრადიციულ ჩარჩოებს, რომლიდანაც ტრამპის ადმინისტრაციის დროს სერიოზულად გადაუხვია.

„ბაიდენის გამარჯვების შემთვევაში, ალბათ, ამერიკა დაუბრუნდება საგარეო პოლიტიკის იმ კურსს, რომელიც ეყრდნობა ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს: იქნება მეტი ჩართულობა საერთაშორისო პოლიტიკაში. ის გაუცხოება, რომელიც ბოლო პერიოდში იგრძნობა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს, ასევე სხვა რეგიონებს შორის, შეიძლება აღმოიფხვრას", - დასძნა ექსპერტმა.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ბაიდენი საქართველოს უშუალოდ იცნობს და იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, არის შანსი იმის, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს საქართველოს:

„არ არის გამორიცხული, რომ მეტად აქცენტირებული, ანუ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა შავი ზღვის აუზის ქვეყნებსაც შეეხოს. რა თქმა უნდა, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევში საყურადღებო იქნება ის, თუ ვინ იქნება მის გუნდში, თუმცა, როგორც ჩანს, წარმომადგენლობითი გუნდი ჰყავს, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებულ საკითხებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

„თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, მოსალოდნელი იქნება მეტი გააქტიურება საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით. აღმოსაფხვრელი იქნება ის წინააღდემგობრივი პოლიტიკა, რომელიც დღეს მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს დასავლეთ ევროპას, ზოგადად დასავლეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, დაბალანსდება. ჩვენს რეგიონში კი აქცენტი გაკეთდება საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზეც. ეს რეგიონი კვლავ აშშ-ის ყურადღების ქვეშ დარჩება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან" საურისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×