
„საგანგებო ვითარების მოხსნის შემდგომ ხელისუფლებამ ამ რეიტინგის შენარჩუნება შეძლო. მე ველოდი, რომ რეიტინგს სწრაფად დაკარგავდა, თუმცა ამას საკმაოდ კარგად ინარჩუნებს და სიტუაცია კარგად უჭირავს, რაშიც, გულწრფელად რომ გითხრათ, ოპოზიციაც მისდა უნებურად ეხმარება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" რეიტინგზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენის შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, კორონავირუსმა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება შეცვალა, რაც „ქართული ოცნების" რეიტინგზეც აისახა.
„კორონავირუსული პანდემია რომ არ ყოფილიყო „ქართული ოცნების" რეიტინგი როგორი იქნებოდა და რას იზამდნენ, ამაზე საუბარი გამიჭირდება. განა მარტო იმაშია საქმე, რომ ამ ვითარებას დანარჩენებთან შედარებით თავი გაართვეს, კორონავირუსმა გამოაჩინა, რომ ხელისუფრლებას რაღაც პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.
„ღმერთმა დაიფაროს და სხვა რამ უბედურება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება თუ იგივე ფხას გამოიჩენდა, მისი რეიტინგი ასევე გაიზრდებოდა. ზოგადად, როდესაც გლობალური, ან რეგიონალური განსაკუთრებული მოვლენა ხდება, მაშინ ხელისუფლებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება იცვლება - იმედი უჩნდება. თუ ამ იმედს ხელისუფლება ამართლებს, ბუნებრივია, რომ მისი რეიტინგი იზრდება. ეს კორონავირუსის დროს მოხდა და ბუნებრივია, ხელისუფლებამ გამოიყენა.
„აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ მმართველი გუნდი კორონავირუსს გაუმკლავდა და კარგად იმუშავა, არამედ ის, რომ საგანგებო ვითარების მოხსნის შემდგომ ხელისუფლებამ ამ რეიტინგის შენარჩუნება შეძლო. მე ველოდი, რომ ის რეიტინგს სწრაფად დაკარგავდა, თუმცა ამას საკმაოდ კარგად ინარჩუნებს და სიტუაცია კარგად უჭირავს, რაშიც, გულწრფელად რომ გითხრათ, ოპოზიციაც მისდა უნებურად ეხმარება - ჰგონია, რომ ხელს უშლის, მაგრამ პირიქითაა. თუმცა ხელისუფლებაც ჯერჯერობით ისეთ შეცდომებს არ უშვებს, რომ კორონავირუსიგან მიღებული დივიდენდები გაფლანგოს", - განაცხადა ძაბირაძემ.