
8 აგვსიტოს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოფელ გულიკამში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
როგორც ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე თოროსიანი „სახმრეთის კარიბჭესთან" ამბობს, მამაკაცი საავადმყოფოში თითქმის გარდაცვლილი მიიყვანეს.
„ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან", - ამბობს ის.
ადგილობრივების ცნობით, ორ ოჯახს შორის დაპირისპირება მესამე წელია გრძელდება, სწორედ ამ დაპირისპირებას ემსხვერპლა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეც.
მოგვიანებით, ახალქალაქის ცენტრში არეულობა დაიწყო. გარდაცვლილი ახალგაზრდის თანასოფლელებმა მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა სასტუმრო „არტსერგი" და მათი ოთხი ნათესავის სახლი გადაწვეს. გარდა ამისა, გადამწვარია რამდენიმე მანქანა.
ამჟამად, ახალქალაქში სიწყნარეა.
„ამ დროისთვის სიმშვიდეა და პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს. მოხდა მკვლელობა. ამის შემდეგ დაწვეს სახლი", - თქვა ახალქალაქის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა.
საგამოძიებო მოქმედებები სამ ადგილას მიმდინარეობს - ქალაქის ცენტრში, სადაც დაპირისპირება მოხდა, დამწვარ სასტუმროსთან და საავადმყოფოს შესასვლელთან, სადაც ორი დამტვრეული მანქანა დგას.
საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 3-დან 7 წლამდე პატიმრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 9 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, 1983 წელს დაბადებული ა.გ.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი. სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.