ტატა შოშიაშვილი
09.08.2020

აფხაზეთში 1 აგვისტოს რუსეთთან „საზღვრის" გახსნის შემდეგ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. შაბათს კი ყოველდღიური შემთხვევების ნახტომისებური ზრდა მოხდა - დაფიქსირდა 14 ახალი შემთხვევა, რომელთაგანაც ერთი რუსეთიდან ჩასული ტურისტია.

ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვისთვის შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, 8 აგვისტოს კორონავირუსზე ტესტირება 149 ადამიანმა გაიარა, მათ შორის თოთხმეტს COVID-19 დაუდგინდა.

რუსეთიდან აფხაზეთში ჩასული ტურისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა პირველი დახმარება აფხაზეთშივე აღმოუჩინეს, თუმცა მკურნალობის გასაგრძელებლად რუსეთში დააბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ დაავადებული ტურისტების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. ე.წ. მინისტრმა, თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ჩამოსულ დამსვენებლებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მხოლოდ პირველადი დახმარება გაეწევათ, რადგან ვერ მოხერხდება პაციენტების დიდი ნაკადისთვის დროული დახმარების გაწევა.

მისივე თქმით, „პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გადაწყვეტილება 1 აგვისტოდან „საზღვრის" გახსნის შესახებ მოულოდნელი იყო, შესაბამისად მომზადებაც ვერ მოასწრეს ტურისტების დიდი ნაკადისათვის.

აფხაზეთის კორონავირუსის სულ 134 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 38 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამჟამად გუდაუთას ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა აფხაზეთთან „საზღვრის" გახსნის განკარგულებას, სეპარატისტული რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვისთვის შექმნილმა „ოპერატიულმა შტაბმაც" მიიღო იგივე გადაწყვეტილება.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განკარგულებით, ე.წ. საზღვარი 4 აგვისტორ უნდა გახსნილიყო, თუმცა მოსკოვში მისი ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს.

დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, „საზღვრის" გახსნიდან დღემდე აფხაზეთში რუსეთიდან 200 ათასი ადამიანი ჩავიდა. 9 აგვისტოდან კი რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×