მარიამ ნებულიშვილი
09.08.2020

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს და უმრავლესობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად შეძლებს, სავარაუდოდ გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება მინისტრთა კაბინეტშიც. „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულების მინისტრებს შეეხება. მათივე აზრით, საკმაოდ მაღალია შანსი, რომ რამდენიმე მოქმედი მინისტრი აღმასრულებელიდან საკანონმდებლო ორგანოში ვიხილოთ.

თავად პარტიის წევრები დეტალებზე არ საუბორბენ. „ქართული ოცნების" წევრი და დეპუტატი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს.

„მთავრობაში, როგორც წესი, მუდმივად ცვლილებები არის ხოლმე. ალბათ ეს საჭიროცაა, რომ ვინმე ზედემტად არ შეეჩვიოს თავის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" გაიმარჯვების შემდეგ, შესაძლოა მაშინვე არა, მაგრამ პერიოდულად რაღაც ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში. კონკრეტულად არ ვიცი რომელ მინისტრს რომელი ჩაანაცვლებს, მაგრამ რაღაც ცვლილებები ალბათ იქნება.

„უნდა დაველოდოთ „ქართული ოცნების" პროპორციულ სიას და იქ უკვე გამოიკვეთება, თუ იქნება მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან ისეთი პიროვნება, რომელსაც შეეძლება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება", - თქვა არველაძემ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, შანსი იმისა, რომ „ოცნება" მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს საკმაოდ მაღალია.

„არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ „ქართული ოცნება" გავიდეს პირველ ადგილზე. თუმცა, რამდენ პროცენტს მიიღებს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოქმედი კანონმდებლობით, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს 40.54%-ს და მეტს, აყალიბებს მთავრობას.

„ჩვენ ვიცით, რომ „ედისონ რისერჩის" კვლევების მიხედვით, „ოცნების" რეიტინგი შეადგენს 39%-ს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათ გადალახონ 40%-იანი ბარიერი და დააკომპლექტონ მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ კოალიციაზე კონსულტაციების წარმოება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რაც იქნება ძალიან რთული პროცესი.

„თუმცა, როგორც „ქართულმა ოცნებამ" ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და ჩამოაყალიბონ კოალიუციური მთავრობა. ერთმანეთთან ართანამშრომლობა იქნება ამომრჩევლის ინტერესების იგნორირება", - ამბობს ჩიტაძე.

მისი პროგნოზით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით იქნება. ჩიტაძის თქმით, გახარია კვალავაც დარჩება პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ქართულმა ოცნებამ" შესაძლებელია განახორციელოს გარკვეული ცვლილებები. თუმცა, მე ასე მგონია, რომ ის ჩაეჭიდება გახარიას კანდიდატურას, რადგან თვლიან, რომ ის ძლიერი ფიგურაა. აქედან გამომდინარე, საკუთრივ ივანიშვილი შეეცდება შეინარჩუნოს გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მაგრამ შესძლებელია ზოგიერთი მინისტრი შეეწიროს თავის თანამდებობას.

„საუბარია, ეკონომიკური მიმართულების მინისტრებზე. რადგან მოსალოდნელია სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების შედარებით გაუარესება. ამიტომაც, შესაძლებელია განტევების ვაცის როლი შეასრულონ, ვთქვათ, იგივე ფინანსთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა და ა.შ.

„არსებობს იმის შესაძლობლობა და ბევრსაც ექნება სურვილი, რომ გადაინაცვლოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში. თუნდაც იმიტომ, რომ მათ ექნებათ გარანტია, რომ თანამდებობაზე დარჩებიან. მინისტრთა კაბინეტის წევრი შეიძლება გადააყენო, მაგრამ პარლამენტის წევრს, თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინა, მანდატს ვერ შეუჩერებ.

„ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია და არაა გამორიცხული მსგავსი ტიპის როტაციის ხილვა. უბრალოდ, მე ამ შემთხვევაში დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - არაა გამორიცხული მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე მოქმედი წევრი ვიხილოთ საპარლამენტო საიში", - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

იგივე აზრზეა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ მინისტრთა კაბინეტი სრულიად განახლდეს.

„პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდება. არსებითი პოლიტიკური დატვირთვა აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა, წინაა ყოველმხრივ საკმაოდ მძიმე პერიოდი, კორონავირუსის შედეგები დიდხანს იქნება და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას ახალი გუნდი დასჭირდება.

„აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაყვანის პროცესი სულ არის ხოლმე. ახლაც მოსალოდნელია. ვერ გეტყვით ვინ შეიძლება აღმოჩნდეს აღმასრულებელისთვის საჭირო ფიგურა, გარდა იმისა, რომ გახარიამ, როგორც პრემიერმა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და შედეგი აჩვენა. ის ალბათ საყრდენია მოსახლეობის ნდობისა „ქართული ოცნების" მიმართ სწორედ, როგორც პრემიერ-მინისტრი. ჩემის აზრით, ის თანამდებობაზე დარჩება", - თქვა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×