
„პოლიტიკური ველი იდეურად მოცარიელებულია. ვერცერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს სიახლეს ვერ სთავაზობს. არცერთ პარტიას არ აქვს ახალი იდეა, რომელზედაც ააგებდა საინფორმაციო პოლიტიკას", - ასე აფასებს კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო კამპანიას.
„ამომრჩეველს, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე ელის სახლეს, ფაქტია, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ დრომდე სიახლე, ახალი იდეა ვერ შესთავაზა. „ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ უდგას ზნეობრივი რაბილიტაციის თემა; გარდა იმ სტაბილური 16%-ი ამომრჩევლისა, დანარჩენი 84 %-ს მიაჩნია მოძალადედ, ანუ ამ დრომდე ამ პოლიტიკურმა ძალამ რეაბილიტაცია ვერ მოახდინა.
„ევროპულ საქართველოს" უნდოდა მიშასგან დისტანცირება, მაგრამ დღემდე ვერ დაადგინეს რა იდეით უნდა მომხდარიყო ეს დისტანცირება. გიორგი ვაშაძის „აღმაშენებელსაც" წარსულის რეანიმრება დასჭირდა. რაც შეეხება „ლელოს", რომლის თემაც უფრო აკადემიურია, ცდილობს დაიკავოს აკადემიური ნიშა, მაგრამ ამ საგიჟეთში, როცა ყველა ყვირის, მათ ხმა იკარგება.
„ოცნება" კი ძირითადად თავდაცვაზეა გადასული. გარდა სოციალური პროგრამებისა, მანაც ვერ შესთავაზა ახალი იდეა ამომრჩეველს. ეს სოციალური პაკეტიც ერთჯერადი დახმარებაა სტატისტიკური ქართველისთვის და არა გამოსავლი ეკონომიკური კრიზისიდან.
„პიარ-ტექნოლოგიის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ველი იდეურად მოცარიელებულია, ანუ არცერთს არ აქვს ახალი იდეა, რომელზეც ააგებდა საინფორმაციო პოლიტიკას. კვლავ რჩება აგრესია და ერთმანეთის შეურაცხყოფა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არჩევნები ცალსახად ორპოლუსიანი არ იქნება, როგორც დღეს საზოგადოებაც და თავად პოლიტიკოსებიც საარჩევნო კამპანიასაც და არჩევნებსაც მხოლოდ ორ პოლუსში განიხილავს. მაშინ რა საჭირო იყო ასეთი ვნებათაღელვა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუ ისევ ორი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება" დაუპირისპირდება ერთმანეთს", - განაცხადა „რეზონანსთან" ლელა ფირალიშვილმა.