"ყველა პარტია არის ცენტრისტული, როცა სჭირდებათ ხან მარჯვნივ იხრებიან, ხან მარცხნივ"
მარიამ ნებულიშვილი
10.08.2020

„ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", „ლელო", „პატრიოტთა ალიანსი" და ა.შ. ეს იმ პოლიტიკური პარტიების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ქართული პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგს ქმნიან. როგორია მათი იდეოლოგიური კონცეფცია და რა იდეოლოგიის მატარებლები არიან ისინი, ამ შეკითხვით „რეზონანსმა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს მიმართა.

როგორც ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ქართული პარტიები, იდეოლოგიური საფუძველის მიხედვით, ძირითადად პირობითად იყოფიან. მისი თქმით ქართულ პოლიტიკაში უფრო მეტად ცენტრისტები არიან.

„ჩვენთან იდეოლოგიური დაყოფები, ზოგადად, პარტიების მიხედვით, არის პირობითი - მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტი. პარტიები, რომლებიც მემარჯვენეობაზე ლაპარაკობენ, სოციალურ პროექტებს ახსენებენ პარალელურად და ეს არანაირად მემარჯვენეობაში არ ჯდება.

"შეიძლება ითქვას, რომ იდეოლოგიურად, თუ საგარეო ვექტორს გამოვრიცხავთ, რეალურად, ყველა პარტია არის ცენტრისტული პარტია. როცა სჭირდებათ მარჯვნივ იხრებიან, როდესაც სჭირდებათ მარცხნივ.

„მე მგონია, რომ ეს ყველაზე სწორი მიდგომაა დღევანდელი საქართველოს ვითარებიდან, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენთან არც ბოლომდე მემარცხენეობა გამოვა და არც მემარჯვენეობა. იმიტომ, რომ ამის ეკონომიკური საფუძველი არ არის.

"შეიძლება ითქვას, რომ უფრო მემარცხენეობისაა, მაგრამ აქ უკვე ქართული ხასიათი მუშაობს და მთლად მემარცხენეობაც მაინც და მაინც არავის არ მოსწონს. ამიტომ, ვიტყოდი რომ მეტ-ნაკლებად უფრო ცენტრისტულია ყველა პარტია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში", - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება მრავალპარტიულობასა და პარლამენტში პარტიების გადანაწილებას, ძაბირაძის თქმით, მრავალპარტიულობა და კოალიციური მთავრობა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია ასეთი ჭრელი პოლიტიკური სპექტრისთვის. მისი აზრით, მრავალპარტიულობა ასევე დაეხმარება ოპოზიციას, მოიშოროს „ქვეყნის დამაქცევრის" სახელი.

„უნდა დაველოდოთ როგორი იქნება მანდატების რაოდენობა. ჯერ-ჯერობით „ქართულ ოცნებას" აქვს რეალური შანსი, რომ საერთოდ კოალიციის გარეშე მოვიდეს ხელისუფლებაში, იმედი მაქვს რომ ასე არ იქნება და ოპოზიცია გააქტიურდება. განსაკუთრებით ოპოზიციის ის შუა ნაწილი, რომელიც არც „ქართული ოცნებისკენ" მიდის და არც „ნაციონალური მოძრაობისკენ". იმედი მაქვს, ისე მაინც მიიღებენ ხმებს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდეს საჭირო.

„ზოგადად საპარლამენტო მმართველობის ხიბლი იმაშია, რომ კოალიციური მთარობები იქმნება. კოალიციური მთავრობის ხიბლი კიდევ ისაა, რომ ოპოზიცია ერთვება მართვის პროცესში.

"იქნებ მივხვდეთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მტრები არ არიან. მუდამ ერთ წრეში ვტრიალებთ - ოპოზიცია ყველა ხელისუფლალის დროს ითვლება, რომ არის ქვეყნის დამაქცევარი. საპარლამენტო მმართველობა და მრავალპარტიულობა ამ თემას მაინც მოხსნის სხვა თუ არაფერი. გარდა ამისა, როდესაც არის მრავალპარტიული პარლამენტი პროცესები გადადის პარლამენტში და არა ქუჩაში", - თქვა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×