თამთა ჩაჩანიძე
10.08.2020

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა და პირველად კოვიდშემთხვევების რაოდენობით მეზობელ სომხეთს გაუსწრო - ბოლო მონაცემებით, საქართველოს კოვიდპაციენტების საერთო რიცხვს 25 ახალი შემთხვევა დაემატა, ხოლო 7 გამოჯანმრთელდა.

შედარებისთვის, სომხეთში, სადაც ეპიდსიტუიაცია საკმაოდ მძიმეა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს საგანგაშო დღიური კოვიდმონაცემის მთავარი მიზეზი კი, სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირებული 17 შემთხვევაა, კონკრეტულ ლოკაციაზე კი მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაციები ამოქმედდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის თქმით, რეგიონში 17 ადამიანის დაინფიცირების სავარაუდო წყარო სტუმარია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში იკვეთება ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7.

„პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში, ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება",- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მონაცემების საფუძველზე რეგულაციები მხოლოდ სვანეთში ამოქმედდება, მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმის შესახებ თუ ამ რეგიონში რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს.

„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული.

„გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა მისი აზრით, იმის გამო, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ეპიდსიტუაციის გაუარესება მოსალოდნელი არაა.

„მსგავსი შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინაც იყო, ანუ, ეს ბუნებრივია, რომ გარკვეულ არეალში რეგიონში შეიძლება ეპიზოდურად ეპიდაფეთქებასავით მოხდეს და შედარებით მეტი შემთხვევები დაფიქსირდეს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ როდესაც ასეთ აფეთქების კერაში ეპიდემიოლოგიური ღრმა კვლევები ტარდება, ამის შემდეგ პროცესის ლოკალიზაცია ხერხდება.

„ამ შემთხვევებსაც ასე უნდა მივუდგეთ. ეს ზოგადად დიდი ალბათობით ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებას არ გამოიწვევს, თუმცა, რა თქმა უნდა, ახალი შემთხვევები რომ იმატებს, საყურადღებოა. იმედია, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურები ისევე კარგად გაართმევენ თავს, როგორც წინა შეთხვევებში იყო.

„როგორც ვიცი, უამრავი კონტაქტი უკვე მოძიებულია და ამ ადგილებში ღრმა ეპიდკვლევები მიმდინარეობს, დანარჩენი უკვე დინამიკაში გამოჩნდება, პრაქტიკამ უკვე გვაჩვენა, რომ ახალი შემთხვევების ასეთი ერთდღიანი მატება არ ნიშნავს, რომ ეპიდსიტუაცია გინდა თუ არა გაუარესდება, უბრალოდ ეს საყურადღებოა და ღრმა ეპიდკვლევებს საჭიროებს.

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი ამ 25 შეთხვევიდან ერთი თუ ორი შემთხვევაა ისეთი, რომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით მოკვლეული არაა, დანარჩენის ყველას კონტაქტები დადგენილია, ან შემთხვევა იმპორტირებულია.

„ჩვენს კლინიკაში გუშინდელი დღიდან 5 პაციენტი შემოვიდა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის, თუმცა ახლა ეტაპურად ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევები მიმდინარეობს და მათი ზოგადი მდგომარეობა დღეს გვიან და ხვალ დილით უკეთესად გვეცოდინება.

„დღეისათვის არსებობს თუ არა მძიმე (უიმედო) კოვიდპაციენტები ზუსტად არ ვიცი, თუმცა კლინიკებში არიან მძიმე პაციენტები, რომლებსაც ფონური დაავადებები აქვთ, მაგრამ მათი ციფრი ამ ეტაპზე რამდენია, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს."- განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×