"ტურისტები არიან ძირითადი მასა, ვისაც შემოაქვს ეს ვირუსი - საჭიროა მაქსიმალური ეპიდკონტროლი იმ ხალხზე, ვინც შემოდის ქვეყანაში"
მარიამ ნებულიშვილი
10.08.2020

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, ამ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი 5 შემთხვევა აღმოჩენილია თბილისში.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა - საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს - სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში.

"ინფიცირების წყაროზე მოკვლევა მიმდინარეობს, თბილისშია აღმოჩენილი იმ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 5 შემთხვევა.

"ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ.

"წესები გამკაცრდება, ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია მათ შორის, ღია სივრცეებშიც.

„იქ, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. თუ თითოეული ჩვენგანი, ყველგან სადაც ვართ, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც.

"მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მესტიაში შესვლა-გასვლა გამკაცრდება, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ 5 რაზმი მუშაობს, მე-6 გზაშია და ხვალიდან ერთი ამდენი დაემატება, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში" - განაცხადა იმნაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს ქვეყანაში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატება.

„არც სვანეთს არ ველოდებით და ჩაიკეტა უკვე. სავარაუდოდ, რაღაც მატება იქნება, წინასწარი პროგნოზირება ცოტა რთულია. მოიმატებს, მაგრამ არ იქნება დრამატული და ტრაგიკული მატება. იმიტომ, რომ ძალიან ოპერატიულად ხდება პრევენციული ღონისძიების მიღება", - ამბობს მარინა ენდელაძე.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის თქმით, ახალი შემთხვევების ძირითადი წყარო ტურისტები არიან, ამიტომ აუცილებელია მოხდეს მათი მკაცრი კონტროლი. გარდა ამისა, ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ეპიდკერების რაოდენობა გაიზარდოს და მათ დედაქალაქი და ზღვიპირა ზონაც შეუერთდეს.

„რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ეპიდკერები. ტურისტები არიან ძირითადი მასა, ვისაც შემოაქვს ეს ვირუსი და არაა გასაკვირი. უბრალოდ საჭიროა მაქსიმალური ეპიდკონტროლი იმ ხალხზე, ვინც შემოდის ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა რა გზით მოდის ის, ყველა უნდა შემოწმდეს, მაშინ მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან ამ ყველაფერს.

„კოვიდ-19-ის ყველაზე ცუდი თვისება, რასაც ჩვენც არ ველოდით, აღმოჩნდა ის რომ იგი არ მთავრდება. მაგალითად, გრიპი აიცრებოდა ხალხი თუ არ აიცრებოდა, მაინც თავისი სეზონები ჰქონდა.

"ამას როგორც ჩანს, სეზონი არ აქვს და სანამ არ მოხდება ვაქცინაციის დაწყება, მანამდე პრობლემა სულ იარსებებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს მონიტორინგი იმ ადამიანების, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოდიან საქართევლოში.

„ჩვენთან, როგორც აქამდე იყო, ადგილობრივი შემთხვევები ძალიან ცოტაა და პრაქტიკულად არ არის. ახალი შეზღუდვების დაწესება მოსალოდნელი მაშინვეა, როგორც კი ერთი შემთხვევა დაფიქსირდება. დინამიკა თუ წამოვიდა, რომ მუდმივ მატებაშია კორონავირუსი ქვეყანაში, მაშინ შეიძლება ბევრად მეტი შეზღუდვა დაწესდეს, მათ შორის უმთავრესად, საზღვაო კურორტებზე და იქ სადაც ბევრი ტურისტია", - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×