
"გააჩნია, როგორ შეფუთავს ოპოზიცია კანდიდატს. პასაჟი წარსულსა და მომავალს შორის, წარსული - ვოლსკი და ჯაფარიძე - მომავალი, ან რამდენად ეყოფა ჯაფარიძეს თავისი ამომრჩევლის, თუ ოპოზიციის მხარდაჭერა გამარჯვებისთვის.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებასა" და მის კანდიდატს, რა გვარი და სახელიც არ უნდა დასახელდეს, ყველა მაჟორიტარულ ოლქში მაინც ბიძინა ივანიშვილი იქნება წარმოდგენილი", - ასე აფასებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გია ვოლსკისა და ზურა ჯაფარიძის ოთრაბრძოლას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში.
იმის გამო, რომ დროში გაიწელა, თბილისის 6 ოლქის გარდა, ოლქებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმების პროცესი, "გირჩმა" მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, პარტია ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის სახელით წარდგება.
"თუ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი როგორც გაერთიანებული ოპოზიცის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი", - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერიას, რომელიც მხარს უჭერს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას, იმედი აქვს, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციები ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით დასრულდება.
"ზურაბ ჯაფრიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები იქნება ერთგვარი დაპირისპირება საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის", - აცხადებს გიგა ბოკერია. გიგი უგულავას თქმით კი, "პარტია მზად არის, ჩაერთოს "დესოვეტიზაციის" პროცესში, რადგან ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა მმართველობა".
"ოცნების" კანდიდატის, გია ვოლსკის განცხადებით, კონკურენტების მიმართ პიროვნულად ცუდი დამოკიდებულება არ გააჩნია და ყველას თავისი ნიშა აქვს, თუმცა, მისი თქმით, მმართველ გუნდს გეგმაზომიერი და შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი თემები აქვს დამუშავებული და ვის უფრო სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.
ზურაბ ჯაფარიძე გია ვოლსკის საჯარო დისკუსიებში იწვევს. "საბჭოთა საქართველოზე "ოცნებიდან" ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთში იქნება გია ვოლსკი, რომელსაც ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ მედიაპლატფორმაზე, ნებისმიერ დროსა და ფორმატში", - აცხადებს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე.
პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძეს სერიოზული სეგმენტი ჰყავს, ეს საკმარისი არ იქნება გამარჯვებისთვის, ამიტომ "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" მხარი უნდა დაუჭიოს მის კანდიდატურას მაჟორიტარულ არჩევნებში.
"ჯაფარიძეს გამართული ქარიზმა გააჩნია და ცნობადია ახალგაზრდებში. გააჩნია თავისი ხედვები, თავისი ღირებულებებიდან გამომდინარე სასამართლოებში დავობენ და სერიოზული სეგმენტი აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება გამარჯვებისთვის, ამიტომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა დაუჭიროს მხარი.
"რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. რატომ აყენებენ თავის პირობებს, რომ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დააყენებს კანდიტაურას, მაშინ დავუჭერთ მხარსო? რა კომპლექსია, არ ვიცი... თავისი პირობების დაყენებით, რომ ხდებოდა ყველაფერი, ამიტომაც მოუწიათ ხელისუფლებიდან წასვლა.
"თუ თავისი კანდიადი არ ეყოლებათ, რა პრობლემაა, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი ზურაბ ჯაფარიძეს. რაც შეეხება "ოცნების" კანდიდატს, ნებისმიერი მაჟორიტარობის კანდიდატი ხმების რა პროცენტსაც მიიღებს, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის გამო მიცემული ხმები", - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგ არჩილ გამზარდიას თქმით, როცა მხარდამჭერები საკმარისად არ არიან, იმარჯვებს რესურსი, ამ შემთხვევაში კი ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს.
"2012 წელს, როცა ამომრჩეველი დაირაზმა და სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა, დღეს ამისთვის მზად არ არის. ჩემთვის სიურპრიზი იქნება, თუ ხელისუფლება ბევრ ოლქში ვერ გაიმარჯვებს, შეიძლება დომინანტი იყოს, მაგრამ საკმარისი მანდატები ვერ მოიპოვოს.
"რაც შეეხება კონკრეტულად ამ მაჟორიტარულ ოლქს, პოლიტიკური კლიმატის თვალსაზრისით დიდუბე- ჩუღურეთში გამართული არჩევნები შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ მაინცდამიანც რთული არ იქნება.
"გააჩნია, როგორ შეფუთავს ოპოზიცია კანდიდატს, პასაჟი წარსულსა და მომავალს შორის, ვოლსკი - წარსული, ჯაფარიძე - მომავალი ან რამდენად ეყოფა ამომრჩეველთა ხმები და ოპოზიციის მხარდაჭერა ჯაფარიძეს გამარჯვებისთვის.
"მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძე საინტერესო არის იმით, რომ ამ ჩაჭაობებული მდგომარეობის წინააღმდეგია, აქვს თავისი ხედვები გადასახედებთან, განათლებასა და სხვა სფეროებთან მიმართებაში.
"რაც შეეხება "ოცნების" კანდიდატს, რა სახელიც და გვარიც არ უნდა დასახელდეს, ყველა მაჟორიტარულ ოლქში მაინც ბიძინა ივანიშვილი იქნება წარმოდგენილი. ვნახოთ, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, მაგრამ მეეჭვება ოპოზიციის გამარჯვების პერსპექტივის. რამდენიმე ადგილი თუ წაართვეს..."- განაცხადა "რეზონანსთან" არჩილ გამზარდიამ.