
მას შემდეგ რაც მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩაიკეტა, ახალი ეპიდკერა გაჩნდა ყაზბეგშიც, ლარისის საბაჟო გამშვებ პუნქტთან. ყაბეგის მუნიციპალიტეტში 11 აგვისტოს კორონავირუსის ხუთი შემთხვევა იყო დადასტურებული. დღეს მათი რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
„ჩვენი ერთი ჯგუფი კიდევ წასულია ყაზბეგის რაიონში. ინფიცირებულთაგან 3 არის ადგილობრივი. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები მათ არ აქვთ, თავიანთ ოჯახებშიც ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები. დღეისათვის ყაზბეგში პოლიციაში დადასტურებული 7 შემთხვევაა", - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ყაზბეგშია და პირადად კურირებს სიტუაციას.
„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ერთი ჩვენი ჯგუფი, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ყაზბეგშია ადგილზე, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება", - თქვა ამირან გამრელიძემ.
პაატა იმაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში რამდენიმე ეპიდკერა გაჩნდება დაავადების შეკავება შეუძლებელი იქნება.
„ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა, ძალიან ოპერატიული და მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მაქსიმალურად მომხდარიყო, მაგრამ მინდა ყველამ კარგად იცოდეს, თუ ასეთი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, რადგან არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში ასეთი კვლევები მიმდინარეობდეს", - თქვა იმნაძემ.
„რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ქყვენას სამედიცინო რესურსი ეყოფა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანაში რამდენიმე ეპიდკერა ერთდროულად იქნება.
„ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ერთდროულად რამდენიმე ეპიდკერას გაუმკლავდეს. ასეთ დროს, საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი - პაციენტების რაოდენობაზე და მეორე - მთავარი ესაა სიმძიმე პაციენტებისა.
„საქართველოში 10 000-ობით გრიპის შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა. მთავარი არის რამდენად დიდია მძიმე პაციენტების რაოდენობა. მაგრამ რაღაც დოზით, ბუნებრივია, იქნება მძიმე პაციენტებიც.
"იმ შემთხვევაში თუ გრიპის სახით მოიხდის ეს ხალხი კორონავირუსს, ჩვენ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება. ამიტომაა ეს ჩაკეტვები აუცილებელი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი ინფექციის გავრცელებისგან. ჩაკეტვებით ქვეყანა არ დაიქცევა, რა თქმა უნდა, რაიონს პრობლემები ექმნება, მაგრამ ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ გაუმკლავდეს ამას", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ვირუსის პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინა რჩება.
„რუსეთმა უკვე გამოაცხადა, რომ აქვს ანტივირუსული ვაქცინა. რუსები რამდენად სიმართლეს ლაპარაკობენ, ცოტა საეჭვოა, იმიტომ, რომ ასე მალე ვაქცინის შექმნა ცოტა წარმოუდგენელია.
"მაგათ უყვართ ჩვენ ყველაფერში პირველები ვართო, რომ იძახიან. მაგრამ რეალურად, თუ მართლა იმუშავა ამ ვაქცინამ, ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სანამ არ შეიქმნება ანტივირუსული არა პრეპარატი, არამედ ვაქცინა, მანამ ჩვენ უძლურები ვიქნებით პანდემიასთან", - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან".
12 აგვისტოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ჯერ-ჯერობით ჩაკეტვის საფრთხე არ ემუქრება.
„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული , რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას", - თქვა გახარიამ.