თამთა ჩაჩანიძე
12.08.2020

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატები მცხეთაში დაასახელა. როგორც კანდიდატების წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელო" ქვეყანაში ის ახალი ძალაა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს და პოლიტიკურ ასპარეზზე ორპოლუსიანობას დაამარცხებს.

„ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც აღარ იქნება არც ერთი მშიერი ბავშვი და მოხუცი, არც ერთი ქვეყნიდან გაქცეული ახალგაზრდა, არც ერთი ადამიანი, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გახდა, გული გაუტყდა და იმედი დაკარგა.

„ლელო" იწყებს ბრძოლას საქართველოსთვის, თითოეული თქვენგანისთვის! „ლელო" არის ახალი ფერი, ახალი ძალა! „ლელო" არის თქვენი ძალა! „ლელო" არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს, ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, შემოიტანს ქვეყანაში მილიარდობით ინვესტიციას, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს, გზას გაუხსნის ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს.

„ლელო" არის ძალა, რომელიც ჩაატარებს განათლებისა და ჯანდაცვის ფუნდამენტურ რეფორმას. „ლელო" არის ძალა, რომელიც დააბრუნებს ემიგრანტებს საქართველოში და გაამთლიანებს ოჯახებს. „ლელო" არის ძალა, რომელიც საჯარო მოხელეებს შეუქმნის სტაბილურ და მაღალანაზღაურებად სამუშაო გარემოს.

„ლელო" არის ძალა, რომელიც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას საქართველოში, შეცვლის მართლმსაჯულების მახინჯ სისტემას! „ლელო" არის ძალა, რომელიც თითოეულ რეგიონს მისცემს ინდივიდუალური და სწორი განვითარების საშუალებას, გააძლიერებს თვითმმართველობას, გლეხს აქცევს მდიდარ ფერმერად, გააცოცხლებს ქართულ სოფელს მთასა და ბარში!

„ლელო" არის ძალა, რომელიც ააშენებს ანაკლიის პორტსა და ქალაქს, ქვეყანას აქცევს ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად, ეკონომიკურ, ფინანსურ, კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად! „ლელო" არის ახალი ეროვნული ძალა, რომელიც, თქვენთან ერთად, საქართველოს აქცევს რეგიონის ლიდერ ქვეყნად, აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას! ჩვენ - პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ვართ ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიანობას, დაანგრევს ძველ სისტემას და შექმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას.

„ოქტომრის არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის! მხარი დაგვიჭირეთ! მხარი დაუჭირეთ ჩვენს კანდიდატებს. ისინი იქნებიან თქვენი ნამდვილი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, თქვენი ყველა პრობლემის, ტკივილის თუ სიხარულის გამზიარებლები. მხარი დაუჭირეთ „ლელოს", რადგან ასე თქვენ მხარს უჭერთ თქვენს შვილებს, თქვენს მომავალს, თქვენს ქვეყანას!"- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს" მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასეთია:

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - ნაძალადევი, ანა ბიბილაშვილი - ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ლანა გალდავა - ისანი, ჯამბულ ხოზრევანიძე - ხელვაჩაური, ზედა, შუახევი და ხულო, ბადრი ჯაფარიძე - საბურთალო, მურად მურადოვი - მარნეული და გარდაბანი, პაატა ცივაძე - ქობულეთი, თორნიკე ართქმელაძე - წყალტუბო, სამტრედია, ხონი და ვანი, სოსო ლიპარტელიანი - ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია, გიორგი სიორიძე - ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური, გიორგი (გია) ბარამია - ფოთი, სენაკი, ხობი, ანა ნაცვლიშვილი - ქუთაისი, გიგლა მიქაუტაძე - გლდანი, ირაკლი კუპრაძე - ბათუმი, ფიქრია ჩიხრაძე - სამგორი, კახა კოჟორიძე - ხაშური და ქარელი, გრიგოლ გეგელია - რუსთავი და გარდაბანი, საბა ბუაძე - მთაწმინდა, კრწანისი, სოსო (მალხაზ) ვახტანგიშვილი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი, ალექსანდრე ახვლედიანი - ზუგდიდი, ეკა ქვლივიძე - გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო, ლევან სამუშია - დიდუბე, ჩუღურეთი, ანი მიროტაძე - ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული, პაპუნა კობერიძე - გორი, კასპი, ლევან კობერიძე - ვაკე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×