„დროებით შიდა ტურიზმიც უნდა შეწყდეს, რათა ეკონომიკა და ქვეყანა გადარჩეს”
გვანცა წულაია
12.08.2020

საქართველოს შიდა ტურიზმს მოულოდნელი პრობლემები დაატყდა თავს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ მეტად გართულების შემთხვევაში, შიდა ტურიზმს სრულიად გაჩერება ემუქრება. სვანეთში კორონავირუსის გავრცელებამ შიდა ტურიზმის უპერსპექტივობა ნათლად დაგვანახვა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ სხვა რეგიონებშიც სვანეთის მსგავსი სიტუაცია შეიქმნება, შიდა ტურიზმი გაჩერდება. 

მართალია, ამჟამად, სვანეთის გარდა, ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია, თუმცა, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ჩაკეტვის საფრთხე დადგეს, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ ტურიზმს დაარტყამს და გააჩერებს.  

მესტიაში კორონავირუსის გავრელებამ რეგიონი თითქმის ერთი თვით ჩაკეტა. ამან განაპირობა ის, რომ სვანეთში ტურისტული სეზონი წელს ჩავარდა. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, ვერც საკურორტო რეგიონები აღმოჩნდნენ ინფექციისგან დაცული, ამით კი ქვეყანა ეკონომიკურ ზარალს მიიღებს.

„ჩვენ გვეგონა, რომ შიდა ტურიზმი გადაგვარჩენდა, მაგრამ ეს ვერ ხერხდება - ხალხი მიაწყდა სვანეთს და ვნახეთ, რაც მოხდა. გამოდის, რომ ინფექციისგან არც შიდა ტურიზმი არის დაცული. სანამ ვირუსი იარსებებს, უამრავ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ტურიზმს განვითარება არ უწერია. რეკომენდაციას ვუწევ, რომ დროებით შიდა ტურიზმიც შეწყდეს, რათა ეკონომიკა და ქვეყანა გადარჩეს. შემოსავალი, რომელსაც დღეს შიდა ტურიზმი იძლევა, არ არის დიდი”, - აღნიშნა კვარაცხელიამ „რეპორტთან“.

ახლა ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რამდენადაც დამძიმედება სიტუაცია, იმდენად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება საკურორტო სეზონი.  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ, სვანეთის გარდა,  ყველა სხვა რეგიონში შიდა მიმოსვლა აქტიურ ფაზაშია. 

„ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგაშო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები. ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ის, რომ მოხდეს რეგიონის ჩაკეტვა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სვანეთის გარდა, ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია",- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური პოზიციისა, სვანეთის მაგალითმა შიდა ტურიზმის უპერსპექტივობა ნათლად დაგვანახვა. ტურიზმის სპეციალისტ მარინა მეტრეველის განცხადებით, წელს ადგილობრივი დამსვენებლების ხარჯზე იმაზე მეტი შემოსავლის მიღება შეგვეძლო, ვიდრე - ჩვეულებრივ პირობებში, თუმცა ამის საფრხე უკვე შეიქმნა. 

„თავისთავად ცხადია, რომ ტურისტული ცენტრები ვეღარ მიიღებენ იმ რაოდენობით დამსვენებლებს, რამდენსაც ელოდნენ. თუ სხვა რეგიონებშიც იგივე მდგომარეობა იქნება, როგორიც ახლა სვანეთშია, ანალოგიური სიტუაცია განმეორდება. ახლა ბათუმში ვისვენებ და აქედან გამოსწრებაზე ვარ. 

ეკონომიკური მხარე ამ ყველაფრის პარალელურ რეჟიმში ვითარდება. ადამიანები, ვინც ტურიზმიდან შემოსავალს ელოდებოდნენ, ვერ მიიღებენ. ზოგადად, რა თქმა უნდა, შიდა ტურიზმი საერთაშორისო ვიზიტების მასშტაბებს ვერ შეედრება, მაგრამ წელს იმაზე მეტს ნამდვილად მოიტანდა, ვიდრე - სხვა დროს, ჩვეულებრივ მდგომარეობაში. 

ახლა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს მოსალოდნელიც იყო და ეჭვიც არ მეპარებოდა, რადგან ამის საშიშროება არსებობდა. მძიმე პროგნოზი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში კეთდებოდა”, - განუცხადა „რეზონანსს” მარინა მეტრეველმა. 

მართალია, შიდა ტურიზმი საერთაშორისო ტურიზმს ბევრად ჩამორჩება, თუმცა დღეს მისი ამუშევება და განვითარება ერთადერთი იმედი იყო. 

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ შიდა ვიზიტორები ამიერიდან უფრო ფრთხილად მიიღებენ გადაწყვეტილებებს მოგზაურობასთან დაკავშირებით. 

„სვანეთის შემთხვევა, რა თქმა უნდა, დადებითად არ იმოქმედებს შიდა ტურიზმზე. პირველ რიგში, ზიანი მიადგა სვანეთის რეგიონს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები უფრო ფრთხილად მიიღებენ გადაწყეტილებას მოგზაურობასთან დაკავშირებით. დღევანდელი სიტუაცია ასევე გამოწვეულია იმით, რომ ძალიან ბევრი ობიექტი და ადამიანი წესებს არ იცავს ისე, როგორც რეგულაციები მოითხოვს. 

სვანეთის მაგალითი რომ სხვა რეგინებზეც გავრცელდეს, გარდა იმისა, რომ შიდა ტურიზმი საერთოდ მოკვდება, მეორე ტალღასთან გვექნება საქმე, ეს კი მთელ ქვეყანას დაარტყამს, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო”, - უთხრა „რეზონანსს” მაია სიდამონიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×