უმზადებენ თუ არა „სიურპრიზს" არჩევნების შემდეგ მოსახლეობას?
თამარ მუკბანიანი
12.08.2020

2021 წლიდან ელექტროენერგიისა და წყლის კომუნალური ტარიფი გადაიხედება. როგორც ,,რეზონანსს" სემეკ-ში უთხრეს, ამ მოთხოვნით მარეგულირებელს უკვე ყველა გამანაწილებელმა მიმართა. სპეციალისტები ტარიფების ზრდას არ ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული, საყოფაცხოვრებო ტარიფი, მათი პროგნოზით, უცვლელი დარჩება. 

სამი წლით დადგენილი ტარიფი 2021 წელს უნდა გადაიხედოს როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე - წყალმომარაგებაზეც. მაშინ, როცა ტარიფები დადგინდა, ლარის გაცვლითი კურსი 2.65-ზე იყო განსაზღვრული, რაც დღევანდელ ნიშნულზე ბევრად ნაკლებია. დღეს ლარი დოლართან მიმართებით 3.05-3.10-ის ფარგლებში მერყეობს. 

2017 წლის 27 დეკემბერს, სემეკ-ის დადგენილებით, თბილისში "თელასის" აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 1.564 თეთრით გაეზარდათ, ახლა კი დადგა დრო, როცა ტარიფი კვლავ უნდა გადაიხედოს და კვლავ სამი წლის ვადით დადგინდეს. როგორც წესი, მთავრობა გადასახდელებისა და ტარიფების ზრდას მოახლოებული არჩევნების ფონზე ყოველთვის ერიდება, თუმცა იმ დროისთვის პარლამენტი უკვე დაკომპლექტებული იქნება.

უკვე ვიცით, რომ 2021 წლიდან წყლის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გათანაბრდება. სემეკ-ის წევრ გიორგი ფანგანის განმარტებით, ტარიფების ცვლილებას „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილება გამოიწვევს და ორივე სახის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 ლარის ფარგლებში იქნება.

ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.

ფანგანი აღნიშნავს, რომ დღეისათვის არასაყოფაცხოვრებო ტარიფი ასუბსიდირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რის გამოც ტარიფებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

მარეგულირებელში, ,,რეზონანსის” კითხვის, მიმართეს თუ არა გამანაწილებლებმა ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, პასუხად ამბობენ, რომ როგორც წყლის, ასევე ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან მიმართვა უკვე განხორციელდა. 

,,მოგეხსენებათ, მიმართვა უნდა მოხდეს განხილვამდე 6 თვით ადრე. ჩვენ უკვე მოგვმართა ,,ენერგო პრო ჯორჯიამ” და ,,თელასმა”, ასევე - წყლის გამანაწილებლებმაც”, - უთხრეს ,,რეზონანსს” სემეკ-ში. 

სპეციალისტები ტარიფის გაზრდის მიზეზს ვერ ხედავენ. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ, მიუხედავად ლარის კურსის მნიშვნელოვანი ზრდისა, კომპანიების მხრიდან არ განხორციელებულა ინვესტიციები და არ შესრულებულა ვალდებულებები, ამიტომ ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. 

,,ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ მიმართეს გამანაწილებლებმა მარეგულირებელს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით. ერთადერთი, რაზეც მათი მხრიდან შეიძლება მოხდეს აპელირება, ეს ლარის კურსია, რომელიც მნიშვნელოვნად გაუფასურდა 2017 წლის შემდეგ, მაგრამ კომპანიების მხრიდან არ შესრულებულა ნაკისრი ვალდებულებები და არ განხორციელებულა ინვესტიციები. ეს ორი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაში, თუ სემეკ-ს ექნება პრინციპული პოზიცია, ტარიფი არ უნდა გაიზარდოს, ამისათვის არსებობს ყველა პირობა”, - განაცხადა ენერგეტიკოსმა. 

საყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდას არ ელის არც ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე. მისი აზრით, ტარიფი რთულად შესანარჩუნებელი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მაინც მოხდება. 

,,ახლა გადახედვა გეგმურია. ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ მგონია, რომ ტარიფი შენარჩუნდება საყოფაცხოვრებო ნაწილში. სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ არის კარგი სექტორისთვის, რადგან თუ რეალური ფასი არ არის, არ გვეყოლება არც ინვესტორი. 

ლარის ამ მასშტაბის გაუფასურების პირობებში, ტარიფის შენარჩუნება უნდა განაპირობოს ბაზრის ლიბერალიზაციამ. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ ბირჟა ამუშავდება და სემეკ-ს შეუმცირდება ტარიფების დასადგენი სეგმენტი. შესაბამისად, შევძლებთ, ფასი შენარჩუნდეს საყოფაცხოვრებო ტარიფზე”, -განუცხადა ,,რეზონანსს” არაბიძემ.

რაც შეეხება გაზის ტარიფს, ის მომდევნო სამი წლის განმავლობაში უცვლელი იქნება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება.

ერთი კუბური მეტრი გაზი თბილისში  46 თეთრი ღირს, რეგიონებში კი - დაახლოებით 57 თეთრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×