
პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ" 30 მაჟორიტარული ოლქიდან 25-ში უკვე დაასახელა საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის ლევან კობერიძე ვაკის ოლქში, რომელიც პარტიას რამდენიმე დღის წინ, 11 აგვისტოს შეუერთდა.
„ლელოს" წევრებს და დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს საჯარო ეთერიდან არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი განიხილავდნენ ელენე ხოშტარიასთვის კონკურენტი კანდიდატის არ დაყენების საკითხს.
„როცა ვამბობთ, რომ ჩვენ 30 კანდიდატს ვაყენებთ, ყოველთვის ვამბობთ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვესიმპათიურება, ადამიანებზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ პარტიებზე, შეიძლება გავითვალისწინოთ. მაგალითად, მე, პირადად, ლაკას (ელენე ხოშტარია) ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და მართლა სიმპათიით ვარ. ჩვენ, ალბათ, ელენეს, კიდევ რამდენიმე შეიძლება იყოს, არ დავუყენებთ კონკურენტს", - ამბობდა ხაზარაძე 24 ივნისს.
კობერიძის მაჟორიტარად დასახელებას გამოეხმაურა თავად ელენე ხოშტარია, მისი თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო „ლელოს" მხრიდან ვაკესი კანდიდატის დაყენება.
„ლელოს" მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!
„არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით", - წერს „ევროპული საქართევლოს" ერთ-ერთი ლიდერი და „გაერთიანებული ოპოზიციიდან" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში".
რაც შეეხება ლელოს, როგორც ლელოს პრესსამსახურმა „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, პარტიას დათქმა არ ჰქონია, რომ ხოშტარიას კონკურენტ კანდიდატურას არ დაუყენებდა.
„ლელო" არ ამბობდა, რომ ელენე ხოშტარიას დაუყენებდა არ კანდიდატურას, უბრალოდ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე საჯაროდ გამოხატა სიმპატია ელენე ხოშტარიას პერსონისადმი, თორემ დათქმა, რომ მას ჩვენს კანდიდატურას არ დაუვუყენებდით, არ ყოფილა", - განაცხადეს „ლელოს" პრესსამსახური.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის დამოკიდებულებას, მისი თქმით, „ლელო" აკვირდებოდა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, ასევე ვაკის ამომრჩევლის დამოკიდებულებას და სწორედ ამიტომ მიიღეს კონკურენტი კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილება.
„ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ელენე ხოშტარიას მიმართ, ნამდვილად მებრძოლი ადამიანია. მე მაშინ ვთქვი ვარაუდი, რომ შეიძლება ხოშტარიას მხარდაჭერა განვიხილოთ.
„ეს იყო ის პერიოდი, როცა დარჩენილი ოპოზიცია ერთმანეთში საუბრობდა რაღაცების დათმობაზე. ამაში ჩვენ არ ვიღებდით მონაწილეობას და არც შემდეგ მიგვიღია. როცა დავინახეთ, რომ იქ ვერ ჩამოყალიბდა ვერაფერი და ამავე დროს, ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ვერ გაიგეს რატომ არ უნდა ჰყავდეს „ლელოს" წარმომადგენელი ვაკეში, ვალდებული ვიყავით ეს გაგვეთვალისწინებინა.
„ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც კარგია. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, იქ ოპოზიცია მოიგებს და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს თუ ელენე, ამას გამოავლენს ამომრჩეველი", - თქვა ხაზარაძემ.