
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებისაგან ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთებასა და დემოკრატიული პროცესების ღიად მხარდაჭერას ითხოვენ. თუმცა, ბელარუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრად გააკრიტიკეს ეს არჩევნები, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება და ბელორუსს სანქციებიც კი დაუწესეს, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.
„როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა ნათელი განცხადებები, გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების თავშეკავება და სიჩუმე. გვესმის, რომ ბელორუსმა რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, არ აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ, ამავე დროს, მინიმუმ საქართველო ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ მხარს უჭერს დემოკრატიულ არჩევნებს. მაგრამ ივანიშვილს მომავალი არჩევნების მიმართ აქვს შიში და იმ განცხადებების, რომელიც კეთდება დასავლეთში თავისუფალი არჩევების ჩატარებასთან დაკავშირებით, ამით არის განპირობებული ეს სიჩუმე“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, 2010 წელს, როდესაც ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და პოლიტიკური ვითარება დღევანდელის ანალოგიური იყო, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ამას გარდა, ამ არჩევნებიდან სულ მალე საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაც შედგა.
სამადაშვილის თქმით, ამ ორ ფაქტს შორის განსხვავება დიდია. მისი თქმით, დღეს საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრია, ვალდებულია მიყვეს ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკურ ხაზს, 2010 წელს კი მას ასეთი ვალდებულება არ ჰქონდა:
„საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრი, ზოგადად ვალდებულია კოორდინაცია გააკეთოს თავისი განცხადების, როცა ევროკავშირი აკეთებს ნათელ განცხადებას“.