
ბელარუსში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკვე მეხუთე დღეა რაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტ ალექსადრე ლუკაშენკოს წინაარმდეგ. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები უკვე ღიად გამოვიდნენ და კონკრეტული გზავნილები გაავრცელეს. 14 აგვისტოს გააკეთა განცხადება თავად ლუკაშენკომაც.
ოპოზიციის საერთო კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი იყო, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ქვეყანაში სააკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა. სააკოორდინაციო საბჭომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა უნდა უზრუნველყოს. ტიხანოვსკაიას თქმით, ის მზადაა დიალოგისთვის.
„ამ საბჭოში შეუძლიათ გაწევრიანდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ცნობილი ბელარუსები, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ჩემი ნდობით აღჭურვილ პირს, ოლგა კოვალკოვას და ადვოკატ მაქსიმ ზნაკს ვავალებ მიიღონ წინადადებები საბჭოს წევრობის მსურველებისგან ორგანიზაციებისგან და მოქალაქეთა გაერთიანებებისგან“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
ქვეყნის მასშტაბით მასობრივ პროტესტს შეუერთდნენ სხვადასხვა დაწესებულებებიც. ქვეყანაში ნორმალურად არ ფუნქციონირებს თითქმის არც ერთი დაწესებულება.
14 აგვისტოს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ რიტორიკა შეარბილა და ხალხს სამსახურებში სიარულისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ქვეყნის მტრები „მუშათა კოლექტიური საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ“.
„თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ჩვენ ძალით ვერ მივიყვანთ ხალხს სამუშაოზე. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, - თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის მთავრობის შერბილებულ რიტორიკაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 14 აგვისტოს შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნაციო კასისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის შემდეგაც, ბელარუსის საგარეო საქეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ „ბელარუსი მზად არის დასავლელ პარტნიორებთან დიალოგისთვის“.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ბელარუსის რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ვლადიმერ მაკეიმ შვეიცარიულ მხარეს მადლობა გადაუხადა შვეიცარიაში, ბელარუსის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დროს უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფის გამო.
„ბელარუსის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უცხოელ პარტნიორებთან კონსტრუქციული და ობიექტური დიალოგის გასამართად ყველა საკითხზე, რაც ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის დროსა და მის შემდეგ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება“, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბელარუსის ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებასა თუ შედეგების გადასინჯვას. როგორც ჩანს, მასობრივ პროტესთან ერთად, ესეც გახდა ლუკაშენკოს რიტორიკის შერბილების მიზანი. მან უკვე დაიწყო საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გამოშვება. პარასკევის საღამოს მონაცემებით, გათავისუფლებულია 1000-ზე მეტი მოქალაქე.
ამას მოითხოვდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც.
„ანგელა მერკელი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მშვიდობიან პროტესტზე დაკავებული პირები“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებებს არღვევს.
„დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს ან ადამიანის უფლებების ლახავს.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენენ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
გარდა ამისა, ჩეხეთისა და პოლონეთის ოფიციალური პირები გამოდიან ინიციატივით, რომ ბელარუსში განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პოლონელ კოლეგასთან ისაუბრა და ერთად აპირებენ ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს თავიანთი წინადადება შესთავაზონ.
„არ შეიძლება დაცდა, ბელარუსები ჩვენს დახმარებას ითხოვენ. ბელარუსში არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში საერთაშორისო მეთვალყურეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“, - წერს ბაბიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
უახლოეს მომავალში დანიშნულია ევროკავშირის სპეციალური სხდომა, სადაც ბელარუსის საკითხზე იმსჯელებენ.