მარიამ ნებულიშვილი
14.08.2020

მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებისათვის საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალური გაცნობა და წარდგენა დაიწყო. ამჯერად, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კახეთის გაერთიანებულ ოლქს, სადაც შედის გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო, მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი და „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

პარტიის ლიდერებმა და მაჟორიტაროების კანდიდატმა მუნიციპალიტეტები მოიარეს და შეხვედრები გამართეს საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში. წარდგენაზე ძირითადი გზავნილები იყო რთველის ხელშეყობა და სუბსიდირება, ასევე რეგიონის წყალმომარაგების გაუმჯობესება, გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში არის პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც ღირსეული პასუხი სჭირდება, მან ასევე ისაუბრა კახეთის ისტორიულ-კულტურულ და ტურისტულ მნიშვნელობაზე.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით", - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე რეგიონის გამოწვევებსა და ყოფილ ხელისუფლებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ არეულობის, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ.

„დედოფლისწყაროში ბევრი გამოწვევაა, ბევრია შესაძლებლობაც და განვითარების პოტენციალი. ამ გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

„მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურები ვართ. ბუნებრივია, ჩვენ შეცდომები მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომების დანახვის და აღიარების უნარი და ამ შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობაც.

„ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება. ჩვენი მთავარი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკა, უმშევრობა და სიღარიბე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას არ მოუტანია.

„მე მინდა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო დავით სონღულაშვილს, რომელიც არის პარლამენტის გამორჩეული წევრი. მე მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება ამ რეგიონის მოსახლეობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანა „დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი ძალის „ნაციონალური მოძრაობის" მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანაა".

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კახელ ამომრჩეველს დაპირდა, რომ რეგიონს 2021 წლის გაზაფხულისთვის 24-საათიანი წყალომარაგება ექნება.

„შრომა აქ, კახეთის ამ რეგიონში არ არის ფუჭი სიტყვა და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ის, რომ 2012 წელს სრულად კახეთში წარმოებული იყო 52 000 ტონა ყურძენი. 2019 წელს კახეთში შარშან ჩვენ ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ 278 000 ტონა ყურძენი - ხუთჯერ მეტი. ეს იყო უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი. წელს ჩვენ ველოდებით უფრო მეტს - დაახლოებით 300 000 ტონა ყურძენს.

„სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, გააგრძელებს ამ დახმარებას და ამისი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი.

„ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია ბავშვი, ახალგაზრდა, განათლება, მოხუცი, ღვაწლმოსილი მოხუცი, მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა და ჩვენ ყველა უნდა ავდგეთ და ვიშრომოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლიანი გარემო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება თავად მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ის „კახეთის კულტურის ნაწილია" და მის მიერ გაცემულ.ი დაპირებები ვერ იქნება ფუჭი.

„ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში.

„ხელისუფლების ანტიკრიზისული პაკეტები უკვე მოქმედებაშია და მის ნაყოფსა და შედეგს უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას, ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. აგრეთვე დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ გამოწვევად დაგვისახა წინ ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება.

„ეს არის თხოვნა ჩემი მთავრობისადმი და დავალება, რომელიც მე პირველი შეხვედრების დროს მოსახლეობისგან მივიღე. ეს და კიდევ სხვა საკითხების მოგვარება ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეგიონალური განვითარების პოლიტიკის განხორციელებას, რომლის ნაწილიც არის ქალაქში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაახლოება. სწორედ ეს სტრატეგია უნდა გახდეს ქვაკუთხედი ჩვენი როგორც სახელმწიფოსი და ჩვენი როგორც კახეთის რეგიონის დაახლოების ევროპასთან", - განაცხადა სონღულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×