
„ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მოაგვარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროდუქციის დეფიციტის პრობლემას, არის გორის მხრიდან გამშვები პუნქტების გახსნა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი ცხინვალის რეგიონში შექმნილ სასურსათო კრიზისს, რომელზეც უკვე ადგილობრივი მედიაც ღიად წერს.
დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის, გენადი ბეკოევის ცნობით, კარანტინის პერიოდში - მარტიდან აგვისტომდე - ისეთ პროდუქებზე, როგორიცაა შაქარი, ფქვილი, კვერცხი, ბურღულეული, კარტოფილი, ვაშლი და ხორცპროდუქტები ფასები 17.6%-ით გაიზარდა.
ცხინვალში მაღაზიების მფლობელების ინფორმაციით, პროდუქტები იშვიათად შემოდის რეგიონში, ამასთანავე მცირე რაოდენობით, რაც საკმარისი არაა და მოსახლეობა მათ თვალის დახამხამებაში იტაცებს დახლებიდან.
ამასთანავე, პროდუქციის არჩევანიც მნიშვნელოვანად შემცირდა, ხოლო სურსათის ახალი პარტიის ლოდინი მაღაზიის მფლობელებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევთ. ამის შესახებ ადგილობრივი ე.წ. სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რესი" იუწყება.
კრიზისული სიტუაციის მოგვარების მიზნით ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობასა და რუსეთის საბაჟოს ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართება. გენადი ბეკოევის თქმით, მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება შეხვედრაზე შეეხება პროდუქტებით დატვირთულ სატვირთო მანქანებს, რომლებიც რუსეთთან ე.წ. საზღვარზე არიან გაჩერებულები და პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ვერ შედიან „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე, - იუწყება „რესი".
„რეზონანსთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ ცხინვალის რეგიონში სიტუაცია განსაკუთრებით გაართულა. სატვირთოების მძღოლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის შემდგომ სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც აღარ უნდათ მსგავს პირობებში მუშაობა, თანაც „საზღვარზეც" ბევრი პრობლემა ექმნებათ:
„ვინაიდან რუსეთს აღიარებული ჰყავს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკა, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფო", მასთან რუსეთს ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორ სხვა ქვეყნებთან - საბაჟო მოსაკრებლები და გადასახადები ერიცხებათ, რაც აძვირებს პროდუქციას.
„როდესაც დანარჩენი საქართველოს მხარე ღია იყო, აქედან იაფი პროდუქტი შედიოდა, რითაც, როგორც წესი, ფასების დაბალანსება ხერხდებოდა. როდესაც ჩაკეტეს ტერიტორია, დანარჩენი საქართველოდან მნიშვნელოვნად შემცირდა პროდუქტების მიწოდება.
„ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მოაგვარებს პროდუქციის დეფიციტის პრობლემას, არის გორის მხრიდან გამშვები პუნქტების გახსნა, რათა საკვები პროდუქტები დანარჩენი საქართველოდან შევიდეს", - განამრტა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, კრიზისის ყველაზე მწვავე მომენტში, როდესაც სურსათის დეფიციტი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, დე ფაქტო მთავრობა იძულებული გახდება „საზღვარი" გახსნას.
„რაღაც გზებით მაინც შეაქვთ მცირე რაოდენობით პროდუქტები და ამიტომაა ძვირი. არ მგონია, რომ გლობალური შიმშილობა დაიწყოს - კრიტიკულ მომენტში რუსეთი „სამხრეთ ოსეთს" მისცემს საშუალებას და, შეიძლება, დაეხმაროს კიდეც პროდუქტებით მომარაგებაში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.