
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი „პირველივე თხოვნისას" ბელარუსს სამხედრო დახმარებას გაუწევს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის. ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო საგენტო „ბელტა".
„ჩვენ შევთანხმდით: პირველივე მოთხოვნისას, უსაფრთხოების დაცვისთვის ბელარუსს ყოველმხრივი დახმარება გაეწევა (რუსეთის მიერ - რედ.)", - განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე.
მისივე განმარტებით, ბელარუსი და რუსეთი მოკავშირე სახელმწიფოები არიან და თანამშრომლობენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცის ფარგლებში, რაც სამხედრო დახმარების მიღების ერთ-ერთი შესაძლებლობაა ბელარუსისთვის.
„სწორედ ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტთან დღეს ხანგრძლივი და დეტალური საუბარი მქონდა შექმნილი ვითარების შესახებ. უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული დავრჩი - სრულიად გარკვეულია (ბელარუსში - რედ.) შექმნილ სიტუაციაში".
ლუკაშენკომ ისაუბრა მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე სამხედრო სწავლებების შესახებაც.
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთში და ლიტვაში მიმდინარე სწავლებები, რომელთაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია კურირებს, დისკომფორტს არა მხოლოდ ლუკაშენკოს, არამედ ბელარუსის სამხედრო სტრეუქტურის წარმომადგენლებსაც უქმნის.
ლუკაშენკომ ისაუბრა საპროტესტო აქციებსა და მათს მონაწილეებზე. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ის მუშები, რომელიც დემონსტრაციებში მონაწილეობენ, არ იმსახურებენ ქარხნებში სამუშაოდ დაბრუნებას.
„თუ მშრომელი ადამიანი, რომელიც, პრინციპში, შორსაა პოლიტიკისგან, სადღაც მოედნისკენ მიისწარაფვის რაღაცის დემონსტრირებისთვის, ის არაა მშრომელი", - დასძინა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, 9 აგვისტოდან ბელარუსის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის ლიდერი, უკვე მეექვსედ, ალექსანდრე ლუკაშენკო გახდა. ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ - 10%.
მასობრივი დემონსტრაციების დროს აქციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა, რომელის შედეგადაც რამდნეიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო 10 აგვისტოს მიტინგის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 65 წლის ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის პოსტს უკვე მეექვსედ იკავებს და ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.