
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკლველობის საქმე, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული და განხილვადი თემაა, რომელშიც აქტიურადაა ჩართული როგორც მედია, ისე საზოგადოება. 12 აგვსიტოს საქართველოს პროკურატურამ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატი დაავალდებულა ხელი მოეწერა გაუთქმელობის შეთანხმებაზე, რომელის თანახმადაც, დაცვის მხარეს არ აქვს უფლება გაავრცელოს და გაასაჯაროოს საქმის მასალები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამით შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პირინციპი. იურისტთა მოსაზრებები კი ამ თემასთან დაკავშირებით ორად გაიყო. იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ადგილი აქვს თანასწორობის პირონციპის აშკარა დარღვევას, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ამ საქმეში ვერც შეჯიბრებითობის და ვერც თანასწორობის პრინციპის დარღვევას ვერ ხედავს.
გაუთქმელობის შეთანხმებაზე ავოკატთა ნაწილმა უარი განაცხადა, რის გამოც მათ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის ხარჯზე.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა", - წერია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
როგორც იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, გაუთქმელობის შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იდება - მაშინ, როდესაც საქმეში იკვეთება, სახელმწიფო უსაფრთხობის, პრესონალური მონაცემების და სამხედრო საკითხების დაცვის აუცილებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ შაქარშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში არც ერთი ეს დეტალი არ ფიგურირებს, მუხაშავრია მიიჩნევს, რომ პროკურატურა მართლაც არღვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
„საქმეში არაფერი არ არის ისეთი, რის გამოც გაუთქმელობა უნდა მოსთხოვონ ადვოკატებს. იმიტომ, რომ ეს საქმე არ მოიცავს არც სამხედრო საქმეს, არც სახელმწიფო საიდუმლოებებს, არც პერსონალურ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, გაუთქმელობის მოთხოვნა არის ყოვლად უადგილო და ყოვლად დაუსაბუთებელი.
„თანაც იმ ვითარებაში, როდესაც ამ საქმეზე არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. რაც დაიკარგა ეს ახალგაზრდა, მას შემდეგ მედია მაქსიმალურად დეტალურად აშუქებს და მიჰყვება საქმის გარემოებებსა თუ ფაქტებს.
„ასეთ ვითარებაში არანაირად გამართლებული არ არის ეს შეთანხმება, პირიქით, გამჭვირვალობის და საჯაროობის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო მაშინაც კი, თუ იქ იქნებოდა კონფიდენციალობის რაიმე მოტივი, ან სახელნმწიფო საიდუმლოებების ან პერსონალური კონფიდენციალობის საკითხი. აქ არაფერი მსგავსი არ არის.
„ახლა ამის კეთება და ადვოკატებისთვის იძულება, რომ ხმა არ ამოიღონ, ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და ამას არ უნდა აკეთებდეს, იმიტომ, რომ ეს არის მანიპულაცია საზოგადოებრივი აზრის მიმართ. მაშინ, როცა უნდა იყოს შეჯიბრებითი პროცესი, ანუ ადვოკატებს ზუსტად იმდენი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რამდენიც პროკურატურას.
„პროკურატურა, რომ „მულტფილმებს" და რაღაც მოდერნიზებას გვიჩვენებს ტელევიზიით და ადვოკატებს უკრძალავს ინფორმაციის გამჟღავნებას, ეს არის უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება", - ამბობს მუხაშავრია.
მისივე თქმით, ადვოკატებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ის ფაქტიც, რომ პროკურატურა იტოვებს უფლებას გაამჟღავნოს საქმის მასალები.
„პროკურატურა თავის თავს ხო არ აუკრძალავს? ვისაც აუკრძალა, იმას უკრძალავს. თვითონ იტოვებს ამ უფლებას - ესაა მთავარი და ამიტომაცაა უთანასწორობა.
„ადვოკატს და დაცვას აქვს უფლება ისაუბროს ნებისმიერ გარემოებაზე და არა მხოლოდ საქმის მასალებზე და არავის არ აქვს უფლება აუკრძალოს, იმიტომ, რომ ადოკატი სარგებლობს სრული გამოხატვის უფლებით, მათ შორის, ლანძღვა-გინების ნაწილშიც.
„ერთადერთი, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი მასალებია საქმეში, კონფიდენციალურად უნდა გამოცხადდეს მთელი საქმე კი არა, მხოლოდ ის მასალები, რომელსაც ადევს გრიფი „საიდუმლო". მაგრამ თუ მედია ან ადვოკატები დამოუკიდებლად მოიპოვებენ ამ მასალებს, მათ მისი გამჟღავნების და გასაჯაროვების სრული უფლება აქვთ", - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან".
რაც შეეხება გია მეფარაშვილის პოზიციას, მისი განმარტებით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე საქმის მასალების და ინფორმაციის გამჟღავნება არის გამოძიების წარმმართველი ორგანოს - პროკურატურის პრეროგატივა, შესაბამისად, ამ მოცემულობით არანაირი დარღვევა არ იკვეთება.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წინასწარი გამოძიების სტადიაზე არსებული ინფორმაციის გაცემა არის პროკურორის პრეროგატივა. ამიტომ პროკურორს აქვს უფლებამოსილება გასცეს ინფორმაცია, ან აკრძალოს ინფორმაცია სანამ საქმის მასალებს კონკრეტული სახე არ მიეცემა, არ დამთავრდება გამოძიება ან ა.შ.
„თუ პროკურორმა გამოიყენა ეს უფლებამოსილება წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ყველა ვალდებულია მას დაემორჩილოს იმიტომ, რომ მან უნდა მიიღოს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება და მისი პრერპგატივაა რა ინფორმაციის ფარგლებში გაიცემა ეს ცნობები.
„თუ ჩნდება შეკითხვა - რატომ ეკუთვნის ეს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ პროკურორს და არა დაცვას, - იმიტომ, რომ ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნის თანდართული პროცესი და შესაბამისად, ამის უფლებამოსილება საერთოდ არ არის დაკავშირებული შეჯიბრებითობის პირინციპთან.
„შეჯიბრებითობის პირონციპი არის პროცესი, როდესაც მხარეები იღებენ მონაწილეობას მტკიცებულებების მოძიებასა და გამოკვლევაში. თანასწორუფლებიანი უნდა იყვნენ მხარეები, იგულისხმება ბრალდება და დაცვა და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რათა მოიპოვონ მტკიცებულებები და წარმოადგინონ პროცესის მწარმოებელ ორგანოსთან. პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ შემთხვევაში გამოდის პროკურატურა და გამოძიება. შესაბამისად, ეს უფლებამოსილება ფოკუსირდება წინასწარი გამოძიების სტადიაზე. ამიტომაცაა ეს წინასწარი გამოძიება, რომელიც არის სასამართლომდე და სასამართლოსთვის.
„ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას ევროპულ და ამერიკულ სივრცეში, სადაც ამის უფლებამოსილებები არ არის.
„რაც შეეხება თანასწორობის პრინციპს, ის გულისხმობს შესაძლებლობას, რომ პროცესის მწარმოებელ მხარეებს, ამ შემთხვევაში დაცვას და ბრალდებას, უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული, რათა მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. ამიტომ, რატომ არის თანასწორობის პრინციპის დარღვევა ამ შემთხვევაში თუ ბრალდების მხარე, რომელიც მოიპოვებს მტკიცებულებებს გარკვეულ რეჟიმს დააყენებს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში? მე ვერ ვხედავ ვერც თანასწორობის და ვერც შეჯიბრებითობის პრინციპების დარღვევას", - ამბობს გია მეფარიშვილი „რეზონანსთან".