ტატა შოშიაშვილი
16.08.2020

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპმა შესაძლოა ნატოდან აშშ-ის გასვლის შესახებ გააკეთოს განცხადება. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, თუ ტრამპმა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებზე უფრო მეტად მოუწევს ორიენტირება.

ბოლტონის თქმით, არჩევნებამდე ტრამპს ბევრი დრო აქვს და შეიძლება რამდენიმე რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღოს - ქვეყანა გამოიყვანოს ნატო-დან, ამერიკულ ჯარს დაატოვებინოს ავღანეთი ან ჩრდილოეთ კორეასთან მოაგვაროს ურთიერთობა. ამის შესახებ ბოლტონმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო „რაზონთან" ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" ხელმძღვანელ კორნელი კაკაჩიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლტონი ტრამპის მრჩეველი იყო წლების განმავლობაში, ის ღიად აკრიტიკებდა პრეზიდენტს და ამჯერადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის კრიტიკასთან გვაქვს საქმე:

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლტონი ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მისი ერთ-ერთი კრიტიკოსია. ამ კრიტიკის ფონზეა სწორედ ეს განცხდებაც გაკეთებული.

„რეალობას თუ გადავხედავთ, არ მგონია, რომ ეს საკითხი ასე აქტუალურად დამდგარიყოს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. მართალია, ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა მოკავშირეებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ აშშ-სთვის ნატო მნიშვნელოვანი და ფასეული ალიანსია - პასუხობს მის რეგიონალურ და ეროვნულ ინტერესებს.

„ნაკლებად სავარაუდოა ნატო-დან ამერიკის გასვლა. ეს მხოლოდ ტრამპის ნებაზე არაა დამოკიდებული", - თქვა კორნელი კაკაჩამ.

მისივე აზრით, იმ შემთვევაში თუ აშშ-მა მართლაც დატოვა ნატო-ს რიგები, საქართველოს დასჭირდება უფრო მეტი კონცენტრირება აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე:

„თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ამერიკამ დატოვა ნატო-ს რიგები, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დანაკარგი აღმოჩნდება, რადგან აშშ ერთ-ერთი მნიშვენლოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს მოუწევს უფრო აქტიური მუშაობა აშშ-სა და ნატო-ს წაყვან სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე. მაგალითად ტაივანის მოდელის განხილვაც შეგვიძლია, რომელსაც ამერიკა ჩინეთის ან სხვა სახელმწიფოების აგრესიისგან იცავს. გასაგებია, რომ ეს მოდელი ადვილი განსახორციელებელი არაა, მაგრამ ასეთ შემთვევაში აქცენტი ორმხრივ ურთიერთობებზე უნდა გაკეთედეს.

„მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ის ნატო-დან გასვლა მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალურია", - განაცხადა კორნალი კაკაჩიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×