
„რუსეთს ჰქონდა, აქვს და, ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავაც ექნება მათზე ის არაოფიციალური გავლენა, რასაც ნიშნავს რუსეთის მხრიდან შეფარვითი მუქარა", - ასე აფასებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
„ამერიკის ხმაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნატო-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ რუსეთმა ე.წ. „ჯიბის ვეტო" გამოიყენა და საქართველოში შეჭრით ქვეყნის დასავლეთისკენ ინტეგრაციას შეუშალა ხელი.
ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, რუსეთი ამ არაოფიციალურ ვეტოს კვლავაც იყენებს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ნატო-ს წევრ ევროპულ სახელმწიფოებზე.
„არაოფიციალური ვეტოთი რუსეთს, რომელიც სარგებლობდა თავისი უზარმაზი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური გავლენით, პირველ რიგში, ნატო-ს წევრ ევროპის ქვეყნებზე, შეიძლება, ამერიკასა და ბრიტანეთზე იმდენად ვერა, მაგრამ გერმანიაზე, საფრანგეთზე, ნიდერლანდებზე, იტალიაზე, ესპანეთზე ჰქონდა გავლენა.
"აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არაოფიციალური ვეტო კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც კულუარებს მიღმა მაღალ პოლიტიკურ წრეებში მიდიოდა საუბარი იმავე ლავროვის მხრიდან, ერთგვარი გაფრთხილება იყო, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეღოთ წევრად.
„მეორე იყო ევროპის ნატო-ს წევრი იმ ქვეყნების პრაგმატული შეხედულება, რომლებიც ფიქრობდნენ, ჩვენ საქართველოს გამო ომში ხომ არ ჩავერთვებით ამხელა რუსეთთან, გვირჩევნია, რუსეთისგან მივიღოთ გაზი, ვიდრე ვეომოთო. რუსეთს ჰქონდა, აქვს და, ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავაც ექნება მათზე ეს არაოფიციალური გავლენა, რაც ნიშნავს რუსეთის მხრიდან შეფარვით მუქარას", - განაცხადა ირაკლი ალადაშილმა.
მისივე შეფასებით, პანდემიის გამო ნატო-ს ჯარებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რაც თავად ალიანსს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.
„თვითონ ნატო-ს სიტუაცია დღეს საკმაოდ არასახარბიელოა, განსაკუთრებით - პანდემიის დაწყების შემდეგ. ნატო-ს პლუსი არის ის, რომ ის აერთიანებს 30 ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო რესურსებს. თუ პანდემიის დროს პოლიტიკური ურთიერთობები გართულებული არ არის, მაგრამ ჯარების ორგანიზება და ერთად, შეთანხმებული მოქმედება ვირტუალურად წარმოუდგენელია.
„ძალიან ბევრი სამხედრო სწავლება იყო დაგეგმილი 2020 წლიდან, მათ შორის - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული სწავლება ევროპაში, რომელიც ვერ შედგა ამ პანდემიის გამო.
„რა თქმა უნდა, რუსულ ჯარშიცაა პანდემია, მაგრამ ის მაინც ერთი ქვეყანაა, მონოარმია ჰყავს და ამის ორგანიზებას უფრო კარგად აკეთებს, ვიდრე ნატო-ს წევრი ქვეყნები. მეორე მხრივ, ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ ბუქარესტის სამიტი 2008 წელს, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატო-ს წევრი.
"ზეიმის შემდეგ კარგად ვნახეთ, რაც გვიყო რუსეთმა აგვისტოს ომში. დღესაც მხოლოდ იმის ყვირილი, რომ ნატო-ს წევრი გავხდებით და შემდეგ რუსეთმა კვლავ ჩვენზე გამოილაშქროს, არ იქნება სწორი. მეორე მხრივ, რეალობას უნდა შევხედოთ, რომელიც მწარეა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს გამო, ამ ეტაპზე, არავინ თავს არ გაწირავს", - ამბობს ალადაშვილი.
ბრიდლოვის შეფასებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მეტიც კი გააკეთეს ალიანსისთვის.
„საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის უკვე დიდი ხანია მზადაა ალიანსის წევრობისთვის", - განაცხადა ბრიდლოვმა „ამერიკის ხმასთან".
ალადაშვილის შეფასებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებშიც უმთავრესი ეკონომიკური სიძლიერეა.
„პირველ რიგში თავად ნატო-ს შიგნით არსებული პრობლემები, უმთავრესად - ფინანსური, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი განსაკუთრებით ახსენებს. ქვეყნების შენატანი უნდა იყოს მშპ-ის 2%, გერმანიას 1% კი არ შეაქვს, მგონი. როგორც ჩანს, თავი არხეინად იგრძნეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაზღვრა, ახალც ამერიკა განსაზღვრავს ჩვენს მდგომარეობასო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პუტინის მეოხებით, ჯერ ჩეჩნეთზე გაილაშქრა რუსეთმა, შემდეგ - ახლო მეზობლებზე, საქართველოსა და უკრაინაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიღვიძა ნატო-მ.
„დღეს ნატო-ს ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ 30-ივე წევრი ქვეყნის საერთო კონსენსუსია საჭირო ახალი წევრის მისაღებად. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიაა და ერთპიროვნულად არავინ მიიღრებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ სამხედრო ოპერაციების დროს ამას აქვს თავისი მინუსი. ერთი ადამიანი უფრო სწრაფად საზღვრავს რაღაცებს, ვიდრე - შტაბი.
„კი, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ორი ტერიტორია არის ოკუპირებული, მაგრამ ამ ეტაპზე ფიქრი იმაზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, უახლოეს რამდნეიმე წელში არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით საქართველო შეიძლება, აკმაყოფილებდეს ნატო-ს სტანდარტებს", - თქვა ალადაშვილმა.
როგორც ალადაშვილი ამბობს, ოკუპირებული ტერიტორიები ალიანსში გაერთიანების შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.
„ადრე იყო საუბარი, შეიძლება თუ არა, საქართველო მივიღოთ ნატო-ს წევრად ორი ოკუპირებული ტერიტორიით ან მათ გარეშე. საქართველოს შეუძლია, გახდეს ნატო-ს წევრი და ყველას ეცოდინება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ოკუპირებული ისევე, როგორც გერმანია გახდა ნატო-ს წევრი თავის დროზე. ასე რომ, ჩვენ იმას ვერ დაველოდებით, როდის დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს, ვერც რუსეთის კეთილი ნების იმედზე ვერ ვიქნებით, სასაცილოა.
„ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორ ტერიტორიას ვთმობთ. მთელ მსოფლიოს აქვს აღიარებული საქართველო იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც არის. საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი იმ მოცემულობით, რაც ახლაა, მაგრამ ნატო-მ უნდა უზრუნველყოს მისი დაცვა. სულ ოკუპირებული არ ქინება ეს ტერიტორიები. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს", - აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".