მარიამ ნებულიშვილი
19.08.2020

ოპოზიციას უჭირს პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. „ევროპული საქართველოს" განცხადებით კი, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ექსპრეზიდენტი იქნება, ისინი ამ კოალიციას მხარს არ დაუჭერენ.

როგორც სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, „ევროპული საქართველო" კოალიციაში შევა ნებისმიერ პროდასავლურ ძალასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან", ოღონდ მათთვის მიუღებელია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მიხეილ სააკაშვილი.

„პირველ რიგში, როცა „ოცნება" დამარცხდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ კოალიციაში ვიყოთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან, მათ შორის ბუნებრივია არის „ნაციონალური მოძრაობა", ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა იყოს შეთანხმებული კანდიდატურა დღეს ოპოზიციაში მყოფ გამარჯვებულ ძალებს შორის. ამიტომ, არ მიგვაჩცია სწორად, რომ საკითხი დადგეს ასე - ან სააკაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი, ან მაშინ დარჩეს ივანიშვილი, როგორც ამას ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელი. ეს არის საკითხის არასწორად დაყენება და ეს ნიშნავს იმას, რომ ვაძლევთ შანსს ივანიშვილს", - აღნიშნა კაპანაძემ.

ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას. კაპანაძიის თქმით, სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას არავინ უზღუდავს, უბრალოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საერთო გადაწყვეტილებით უნდა აირჩიონ და მხოლოდ არა „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება დანარჩენ ფიგურებს მათ თვითონ აქვთ ნათქვამი, რომ არ აპირებენ იყვნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე. ამიტომ, მათი საკითხის განხილვა არ ღირს.

„წინასწარ რთულია საუბარი რა და როგორ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ კოალიციური მთავრობის მეთაური უნდა იყოს შეთანხმებული. ისე ვერ იქნება. რაც შეეხება სააკაშვილის უფლებას, რომ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, მას აქვს უფლება და უნდა მიიღოს კიდეც. დღეს რაც ხდება ეს არის არასამართლიანი, რომ ის არის დევნილი ქვეყნიდან. მას უფლებას არავინ არ ართმევს, რომ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიურ პროცესებში", - თქვა კაპანაძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, პარტიაში სახელს და გვარს არ აცხადებენ, მათი თქმით, კანდიდატი საერთო კონსესუსით აირჩევა.

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო" არ ითანამშრომლებდა პარტიებთან, სადაც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე იქნებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ადეიშვილი.

ამას მოჰყვა კრიტიკა და განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ხატია დეკანოიძის თქმით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის შექმნას, ავტომატურად უქმნის კოალიციას მმართველ გუნდს.

გიორგი ბარამიძის თქმით, კი აზრთა სხვადასხვაობა სრულიად ნორმალური რამაა და არ ღირს ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა.

„ჩვენ ვართ განსხვავებულთა ერთობა. „ქოცების" რეჟიმის მდგომარეობის სირთულეს ისიც ასახავს, რომ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო", არამედ სხვა უამრავი პარტია, რომლებიც კიდევ უფრო რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს პუტინისტური რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით, აუცილებლად ჩამოვაცილოთ ხელისულებასო. აი, ეს არის მთავარი. აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ერთ პარტიაშიც კი არის და ეს ნორმალურია. მთავარია, ეს როგორ განიხილება", - ამბობს ბარამიძე.

მანამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. უგულავას განცხადებით, მცდელობას ერთპარტიული მმართველობისკენ „ევროპული საქართველოსგან" წინააღმდეგობა მოჰყვება.

18 აგვისტოს, ნიკა მელია გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ისინი უარს იტყვიან „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შესვლაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×