ია აბულაშვილი
19.08.2020

„არჩევნებამდე პერიოდში სიახლე არ გვექნება, საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება. მომავალ პარლამენტში უნდა შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელიც გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა," - აცხადებს, პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთი ახალი დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატივით გამოდის, რომლის თანხმადაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პირობა უნდა დადონ, რომ მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოალიციას „ქართულ ოცნებასთან".

„ნაციონალური მოძრაობა" რამდენადაც არ უნდა ეცადოს, ვერ აიღებს პირველ ადგილს, მან გაუშვა თავისი ბოლო შანსი, ის ვერ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ალტერნატივად. „ქართული ოცნება" არის იმ პოზიციაში, რომ ამომრჩეველს ეუბნება, მართალია მე ვერაფერს ახალს ვერ გთავაზობთ, მაგრამ სხვები უარესია, მოვლენ „ნაცები" და დედას გიტირებენო, რაც რეალობასთან ახლოსაა, რადგან სააკშვილი ყოველდღე ამბობს, რომ ისევ იქნება ერთპარტიული სისტემა და ოპონენტებს ჩაყრიან ციხეში.

„ევროპულ საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანია უშინაარსო და ყალბია, ისინი ყიდიან კამფეტების „ფანტიკებს". იგივე შეიძლება ითქვას „ლელოზეც", მათი წინასაარჩევნო კამპნია აბსოლუტურად უშინაარსოა და არავინ ხმას არ მისცემს, თუ ამ პარტიის წევრი არ არის. ასე რომ, არჩევნების პერიოდში სიახლე არ გვექნება. სუსტები დაიღუპებიან და დაახლოებით 10 პარტია შევა მომავალ პარლამენტში, სადაც გაირკვევა, ვის რამდენი ტყვია აქვს ვაზნაში.

საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. ჩვენი მიზანია, პარლამენტში შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს თანამშრომლობის უნარი და შეუძლია ქვეყნის მართვა, ანუ გახდეს ხელისუფლების ალტერნატივა. ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა. დღეს ამომრჩეველი ვერ ხედავს ვინ არის მთავრობის ალტერნატივა, ამიტომ მერყევი ამომრჩეველი არჩევნების პირველ ტურში ისევ სახლში დარჩება, მეორე ტურში თუ მოვიდა, რევანშის შიშით ისევთ „ოცნებას" მისცემს ხმას. ოპოზიციაში რომ აცხადებენ, ჯერ ბიძინა მოვიშოროთ და მერე ვილაპარკოთო. მე სულ ვამბობ, რომ ჯერ უნდა მოვიშოროთ „ნაციონალური მოძრაობა" და მერე ბიძინა. ისევ მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ დღეს ივანიშვილი სააკაშვილს 10:0-ს უგებს, მერე რა მოხდება არ ვიცი, თუ ბიძინამ ბავშვების ჭამა დაიწყო და მიშას ანგელოზის ფრთები ამოუვა," - განაცხადა „რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×