
ნიკა მელიას ინიციატივას, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომლის თანამხადაც ისინი უარს იტყვიან „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მათ პოზიციას დეკლარაციაზე ხელის მოწერით გამყარება არ სჭირდება. ისედაც უარზე არიან მმართველ გუნდის მხარდაჭერაზე.
ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებოდნენ, ინიციატივას მხარს უპირობოდ უჭერენ. დეკლარაციაზე ხელისმოწერის მზაობას გამოთქვამს გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი".
„ეს დეკლარაცია გახლავთ ოპოზიციის საერთო შეთანხმების მიხედვით შედგენილი, შესაბამისად თუ ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ექნება ხელს მოვაწერთ. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგნი ვიყავით „ოცნებასთან" კოალიციის, შესაბამისად ნებისმიერ შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებელი" მხარს უჭერს ამ მემორანდუმს.
„გიორგი ვაშაძის პოზიცია არის შემდეგი, თუ ეს მემორანდუმი გაფორმდება, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი" ხელს მოვაწერთ, რომ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ შევალთ," - ამბობს პარტიის პრესამსახურის წარმომადგენელი „რეზონანსთან".
როგორც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხასებს, ეს ინიციატივა „ევროპულ საქართველოსაც" ჰქონდა და ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობა მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას.
„ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ ჩვენ. ჯერ კიდევ შარშან ეს ინიციატივა საჯაროდ დავაყენეთ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დაპირება გასცა. მაშინ ბევრმა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ახლაც ჩვენ ვართ იმ პოლიტიკური პროცესების ავანგარდში, ვინც ასეთი პოლიტიკური შეთანხმების მომხრეები არიან და რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, მით უფრო კარგია.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც ჩვენთან ერთად იკრიბება, ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს და თუ ვინმე არ მოაწერს, მაშინ პირდაპირ იტყვის, რომ მზადაა ხელი შეუწყოს ივანიშვილის დიდხანს დარჩენას ხელისუფლებაში და მხარს უჭერს ივანიშვილის მმართველობას", - თქვა სერგი კაპანაძემ „რეზონანსთან".
დეკლარაციაზე ხელს მოაწერს ასევე, „ლელოც". როგორც პარტიის დამფუძნებელი, თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, „ლელო" მხარს უჭერს ამ ინიციატივას და თავის მხრივ ეს ინიციატივა ძალიან კარგია ქვეყნის განვითრებისთვის და სპეკულაციების შესაჩერებლად.
„მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება ასეთი დეკლარაციის შედგენა და მასზე ხელისმოწერა. ამით გამოირიცხება სპეკულაციები იმაზე, ვინ აპირებს შექმნას კოალიცია „ოცნებასთან". მიგვაჩნია, რომ „ოცნებამ" ამოწურა ხელისუფლებაშ ყოფნის ყველა რესურსი. ამ ინიციატივას ჩვენ მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე „რეზონანსთან".
დეკლარაციაზე ხელის მოწერას არ აპირებს პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ის თავის სიტყვას არ გადავა და ამის დასამტკიცებლად მემორანდუმი არ სჭირდება.
„თუ ვინმეს ოპოზიციაში მართლა რამე უნდა, რაღაც დეკლარაციაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ხალხის დარაზმვაზე და მის პრობლემებზე უნდა ფიქრობდეს. ჩვენ ამ დეკლარაციას და მემორანდუმებს ხელს არ მოვაწერთ, მაგრამ რეალურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდეს, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ, რეალურად ვიბრძოლებთ ასევე იმისთვის, რომ კოალიცია ვერ შექმნას და არ შევუქმნით. ჩვენი პოლიტიკური სივრცის პრობლემა არის ის, რომ სიტყვას აღარ აქვს ფასი. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი საჯაროდ ნათქვამი სიტყვისთვის არ გვიღალატია და არ გადაგვიხვევია, ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ჩვენ ვამბობთ სიტყვას, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" შევუკრავთ კოალიციას და ასევე, თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებთ. ოღონდ ამას ჩვენ რეალური ქმედებით განვახორციელებთ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაზე ვდარდობდეთ, რაღაც თავშექცევით არის დაკავებული ოპოზიცია, ამიტომ ასეთ მემორანდუმზე ხელმოწერისთვის დროს არ დავკარგავთ, ხალხზე ვფიქრობთ, თუ ვინმეს აინტერესებს," - განაცხადა ელისაშვილმა.
ასევე უარზეა პარტია „ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, მისი თქმით „ტრიბუნას" ნათქვამ სიტყვას წონა აქვს და მემორანდუმები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის განაყოფებს" სჭირდება.
„ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ აბსოლუტურად არავისთან არ ვაპირებთ კოალიციაში შესვლას. საერთოდ მგონია, რომ დეკლარაციებს და მემორანდუმებს მხოლოდ მორალური დატვირთვა აქვს და არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. საერთოდ ზოგადად პოლიტიკოსს სიტყვა უნდა ჰქონდეს ისეთი წონადი, რომ ყოველგვარი ხელისმოწერისა და დაფიცების გარეშე იჯერებდნენ. ჩვენ „ტრიბუნაში" ამ სტანდარტს ვუჭერთ მხარს. ზოგადად დღეს ქართულ პოლიტიკაში არც დაპირებებს ასრულებენ, არც ტელევიზიით მიცემულს და არც ხელმოწერილს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს იმ პოლიტიკური ძალებისთვის იქნება საჭირო, რომელსაც ხშირად აქვს თავიანთი პოლიტიკური სიტყვა დარღვეული, „ნაციონალურ მოძრაობას" და მათ განაყოფებს ვგულისხმობ. დადგნენ და მაგათ აწერინონ ხელი", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „რეზონანსთან".
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს", როგორც პარტიაში „რეზონანსს" უთხრეს, არაფერს არ მოაწერენ ხელს „ნაციონალებთან" ერთად, თუმცა არც კოლიცია სურთ.
„რა საჭიროა კოალიცია, ჩვენ გავიმარჯვებთ კოალიციების გარეშე", - უთხრეს პარტიიდან „რეზონანსს".
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „რეზონანსთან ამბობს, ასეთი დეკლარაციები კარგია, რათა არ მოხდეს მოულოდნელი პოლიტიკური სვლები.
„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტია ზუსტად ამ განწყობაზეა. ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. მე მგონი ბევრისთვის ეს გასაგებია. მაგრამ ეს დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს მოულოდნელი და უცნაური სვლები. იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, პოლიტიკა არ არის მარტივი საქმე და როდესაც ერთს აცხადებს ადამიანი, გულში შეიძლება მეორე ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება კვერცხები აქვს ჩადებული სადმე სხვადასხვა კალათში. თუ ვინმე მორალატეა, ის მაინც გვიღალატებს. პოლიტკური სახე უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს და ყველამ უნდა იცოდეს, პოლიტიკურად ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამას და აუცილებლად მოვაწერთ ხელს", - თქვა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტია დაარღვევს მემორანდუმს, იქნება მოღალატე და მოსახლეობა მას შესაბამის პასუხს აუცილებლად გასცემს.
„ეს საერთოდ მოქმედებს ხოლმე, იმიტომ, რომ „სიცრუე და ორპირობა" როგორც გვითხრა რუსთაველმა „ავნებს ხორცსა, მერმე სულსა", ანუ ჯერ მატერიალურად იგრძნობენ ამას, მერე სულიერად. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში სიტყვას აქვს ფასი. ბიძინა ივანიშვილი სულ ამბობს, რომ მე სიტყვის კაცი ვარო, მაგრამ ბოლოს ისეთი სიტყვა გატეხა მთელი მსოფლიო გააგნა. ვინც სიტყვას გატეხს ის იქნება უბრალოდ მოღალატე. რაც შეეხება მოსახლეობას, ის ყოველთვის ხედავს ღალატს და არა მგონია, რომ მათთვის ეს მოსაწონი იყოს. ზოგ ღალატს ვადა გაუვიდა, ადრე იყო და დაგვავიწყდა, მაგრამ როგორც კი კრიტიკული მომენტი დადგება ყველას, გვახსოვს ვინ ვის უღალატა, რომელ პრინციპებს უღალატა.
„მე ისეთი რესპუბლიკელებიც მახსოვს, რომელბიც ლიბერალები იყვნენ და ლიბერალური პარტიის შემადგენლობაში იყვნენ და შემდეგ ისეთი ღრმად კონსერვატული აზრები გამოთქვეს, რომ თავის თავს ურალატეს. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია ცხოვრებაში, ცხოვრება სავსეა არამარტო სიხარულით, არამედ მწუხარებით და ღალატითაც. მაგრამ ის, რომ წინასწარ კეთდება, ამის პრევენცია ეს არის სწორი და ეს აჩვენებს ძალას. სად არის ძალა ახლა, ამ წუთას. ვერავინ ვერ გამოდის და ვერ აცხადებს, რომ ითანამშრომლებს მმართველ პარტიასთან, „პატრიოტთა ალიანსიც" ვერ ამბობს, ისეთი კეთროვანი ხელისუფლება ჩამოგვიყალიბდა, რომ მასთან გაკარება ეშინია ყველას", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი „რეზონანსთან".