თამარ მუკბანიანი
20.08.2020

ბაზრიდან კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადის.სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზარზე 71 მისო ოპერირებდა, 2019 წელის აგვისტოში 59,დღეს კი მათი ოდენობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 40-ია. მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მიკროსაფინანსო კომპანიების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ.

მას შედეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ახალი პოლიტიკა დაიწყო, 2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ოქტომბერში - 50; ნოემბერ-დეკემბერში - 48; 2020 წლის იანვარში - 46 იყო; თებერვალში - 45; ხოლო მარტ-აპრილ-მაისში მათი რიცხვი 43 იყო; 24 ივლისის მონაცემებით კი, მათი რიცხვი - 41 იყო. აგვისტოს მონაცემებით კი ბაზარზე მხოლოდ 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 18 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, გაუქმდეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანი კრედიტის" მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბანი კრედიტის" მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 4 თებერვლის №90 განკარგულება;

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანი კრედიტის"ს ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319);

ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ასევე, გაეგზავნოთ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს", - აღნიშნულია ბრძანებაში.

ფინანსისტი, ირაკლი ბერძენაძე ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის მიზანმიმართული ნაბიჯების გამო, პროცესი კვლავ გაგრძელდება და დარჩენილი მისოების ნაწილიც დაიხურება. სპეციალისტი, ,,რეზონანსთან" საუბრისას, შედეგის განმაპირობებელ ფაქტორებზე დეტალურად საუბრობს.

,,2017 წლიდან ხელისუფლების ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის არასწორმა და მიზანმიმართულმა მავნებლურმა პოლიტიკამ, რომლის ვითომდა მთავარი მიზანი იყო ე.წ. ფინანსური ბაზრის მოწესრიგება,თუმცა რეალურად მიზნად ისახავდა არასაბანკო საფინანსო სექტორის ეტაპობრივ ლიკვიდაციას დღეის მონაცემებით წარმატებით ხორციელდება, რადგან თუ 2017 წლამდე არასაბანკო საფინანსო სექტორში მოთამაშე ლიცენზირებული და არალიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა რამოდენიმე ასეულ კომპანიას ითვლიდა დღეს ჩვენ ვხედავთ არალიცენზირებული კომპანიების ფაქტობრივად სრულ ლიკვიდაციას და მეორეს მხრივ ლიცენზირებული კომპანიებისათვის ისეთი რეჟიმის შექმნას რომლის პირობებში ფაქტობრივად ხდება კომპანიების ეტაპობრივი ლიკვიდაცია. გარდა იმისა, რომ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტები არიან ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, კერძოდ მომხმარებელთათვის ფულად სახსრებთან წვდომას უფრო მეტად მოქნილს ხდის, ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული სწრაფი გაუაზრებელი რეგულაციის შედეგად გაკოტრებული ორგანიზაციების უკან დგას ორგანიზაციები, რომელთაც ჰყავთ ინვესტორები, მთელ რიგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები, რითაც ფაქტობრივად დღეს ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა გაწირა როგორც სექტორული ბიზნესი ასევე ინვესტორები. ერთის მხრივ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის არასწორმა და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ გამოუვალ სიტუაციაში აღმოაჩინა სექტორი ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის არგუმენტით ახდენდა და სამწუხაროდ დღესაც ახდენს ზეწოლას აღნიშნულ სექტორზე ხოლო კითხვაზე: ამ პირობების გათვალისწინებით რამდენად შესაძლებელი იყო და არის არასაბანკო საფინანსო სექტორული ბიზნესი იყოს თავისუფალი სამწუხაროდ არცერთ მხარეს არ აქვს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ლარიზაციის პროექტის დაწყების შემდგომ აღნიშნული მხარდაჭერა შეეხო მხოლოდ კომერციულ ბანკებს და სამწუხაროდ არ შეხებია არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, თუ გავითვალისწინებთ რომ კომერციულ ბანკებს წვდომა ჰქონდათ და აქვთ რესურსებთან რასთან დაკავშირებითაც არასაბანკო საფინანსო სექტორი მოკლებული იყო და არის ამ ფუფუნებას ფაქტობრივად მიზანი მომხდარიყო ეროვნული ბანკის აქტიური მონაწილეობით და მეორეს მხრივ ინიციატივით ეკონომიკური გუნდის მხარდაჭერის ფონზე სექტორის ხისტი და გაუმართლებელი რეგულაციების პირობებში ეტაპობრივი სწრაფი ლიკვიდირება მიღწეულია. არასაბანკო საფინანსო სექტორის ეტაპობრივი ლიკვიდაციით სამწუხაროდ საფინანსო სექტორი ხდება არა ჯანსაღი, ზარალდება მომხმარებლები, არასწორ სახელმწიფო პოლიტიკას ეწირება თავისუფალი ბიზნესი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტორთა ინტერესები რითაც ფაქტობრივად ეროვნული ბანკი არის დამნაშავე ყველა იმ პრობლემის რაც დაუდგა არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებს დღემდე. ჩემი პროგნოზით მოკლევადიან პერიოდში გაგრძელდება ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაკოტრება და მეორეს მხრივ შერწყმის პროცესი რის შემდგომაც ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის სიჯანსაღის მიზეზით აიძულებს დარჩენილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რომ შეიცვალონ სტატუსი და გახდნენ კომერციული ბანკები რითაც ეროვნულ ბანკს ექნება განუზომელი ძალაუფლება სექტორის უფრო მეტად შესამცირებლად, ეს პროცესი მიმდინარეობს და ამის მაგალითია ბოლო წლებში რამოდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადაკეთება კომერციულ ბანკად რისი აუცილებლობა არცერთს არ ჰქონდა. "-ამბობს ბერძენაძე.

მისივე განმარტებით, პროცესი გარდა საფინანსო სექტორისა, სხვა ბიზნესის დაზიანებასაც იწვევს.

,,უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდის და კონსერვატორული მიდგომებით ცნობილი ეროვნული ბანკის მიზანმიმართული პოლიტიკა აზარალებს თითოეულ მოქალაქეს, მცირე და საშუალო ბიზნესს, აძვირებს და ართულებს საკრედიტო რესურსებთან წვდომას, გამორიცხავს კონკურენციას და თუ დღეს არასაბანკო საფინანსო ბაზრის მოთამაშეებს უდგას პრობლემა ამ შემთხვევაში გრძელვადიან პერიოდში ეს შეეხება სხვა საფინანსო სექტორის მოთამაშეებს ისევე, როგორც ეს მოხდა ლიბანში სადაც უნდა აღინიშნოს, რომ იმავე მეთოდებით ხორციელდებოდა საფინანსო სექტორის კორექცია როგორც დღეს ახორციელებს ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი და საბოლოოდ ქვეყანა აღმოჩნდა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში რომელიც გამოიწვია საფინანსო სექტორის მკაცრი რეგულაციების და ზეწოლის პირობებში ჩაყენებამ ისევე როგორც ეს დღეს ხორციელდება საქართველოში."-აცხადებეს ფინანსისტი ,,რეზონანსთან".

სპეციალისტების შეფასებით, ტენდენცია გაგრძელდება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოდენობა მინიმუმამდე დავა. საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ბაზარზე საბოლოოდ მისო-ების ნაწილი დარჩება, რომელიც წარსულში და ახლაც გადახდისუნარიან სეგმენტს უწევს მომსახურებას.

„მიკრო საფინანსოები საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მუშაობენ, რაც მათი ბაზრისთვის დამახასიათებელია. ბოლო დროს მიღებულმა რეგულაციამ კი, ცხადია, მათ საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მათი ბრუნვა და გაცემული სესხები მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ბევრისთვის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდა, როგორც "ჯაბა კრედიტის" შემთხვევაში ხდება. ის ნაწილი კი, რომელსაც გადახდისუნარიანი სეგმენტი აქვს აღებული, საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, ასეთი კი მიკროსაფინანსო ბაზარზე სულ რამდენიმეა", - ამბობს „რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×