ნინო გოგუაძე: “ამ არჩევნებში მონაწილეობას „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად მივიღებთ”
თამთა ჩაჩანიძე
20.08.2020

შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე „თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზად იმ არასათანადო გარემოს ასახელებენ, რომელიც პარტიაში მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" შექმნა, თუმცა ამის საპასუხოდ პარტიაში დარჩენილები განცხადებას აკეთებენ, რომ ყველა იმ პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებენ, რომლებთან ერთადაც ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას ხელისუფლებიდან ჩამოიშორებენ.

ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის გაგრძელებას „ევროპულ საქართველოსთან" ერთად აპირებენ, მათი თქმით კი ბლოკის წინააღმდეგი პარტიაში დარჩენილი არცერთი წევრი არ იყო.

შალვა შავგულიძემ, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე 2017 წლის თებერვლიდან იყო, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ფეისბუქის საშუალებით ამცნო, როგორც იგი წერს „ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ" მიაღებინა, აღნიშნავს, რომ „თავისუფალი დემოკრატების" რიგების შერყევა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს სცადა.

შალვა შავგულიძე ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს შორისაა, ის კენჭს მთაწმინდა-კრწანისის ოლქში იყრის, „თავისუფალი დემოკრატების" რიგები ასევე ნინო გიგუაძემ, სანდრო ბარამიძემ, ლევან სამუშიამ და გიორგი ქიტიაშვილმაც დატოვეს, რომლებსაც დიდი ალბათობით „ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიაში ვიხილავთ.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ნინო გოგუაძე „რეზონანსთან" ამბობს, ოთხეულის წასვლის მიზეზი ის იძულებითი ვითარება გახდა, რომელიც მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მათ პარტიაში შექმნა.

„ჩვენი წასვლის მიზეზი არის ის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიაში დაახლოებით ისეთი სურათი შეიქმნა,როგორიც 2016 წელს იყო, ჩვენთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ აქაც იყო „ქართული ოცნების" მხრიდან ნამუშევარი, როგორც იცით ჩვებნ „ევროპულ საქართველოსთან" ბლოკი გვაქვს.

„სხვათა შორის, ამ ბლოკის წინააღმდეგი პარტიაში დარჩენილი არცერთი ადამიანი არაა, უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანები „თავისუფალი დემოკრატების" არც დამფუძნებლებს წარმოადგენენ, პარტიის ღირებულებების თუ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვაში და შექმნაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მოქმედება ნორმალურ პოლიტიკურ მიზნებს ნამდვილად არ გამოხატავდა.

„მათი მოქმედება პარტიის ლიდერების წინააღმდეგ იყო, რაც ჩემი აზრით, იყო გარკვეული დავალება, რომელიც მათ მისცეს და ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის გამოცდილების შემდეგ, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით, თუნდაც იმიტომ, რომ საარჩევნო პროცესში კიდევ რა დავალებას მიიღებდნენ და შეასრულებდნენ, არ ვიცით.

„ამ პარტიით ბრძოლას არ ვაპირებთ, რადგან წინ საარჩევნო ბრძოლა გვაქვს, აუცილებელია, რომ „ოცნების" ხელისუფლება შეიცვალოს, პარტიისთვის ბრძოლას არ ვაპირებთ, ასეთი გამოთიშული პარტია დავუტოვეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ" - აცხადებს იგი.

ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები „ევროპულ საქართველოში" გაერთიანებას არ აპირებენ, თუმცა საარჩევნო სიაში იქნებიან, როგორც უპარტიო პოლიტიკოსები.

„ჩვენ პარტიაში (ევროპული საქართველო) შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ უპარტიო პოლიტიკოსები ვიქნებით, მაგრამ ზუსტად ისე ვითანამშრომლებთ, როგორც მაშინ ვითანამშრომლებდით, თუ ჩვენ პარტიას არ დავტოვებდით.

„ევროპულ საქართველოსთან" შეთანხმება რჩება, დიდი მადლობა მათ, რომ პარტიაში შექმნილი ვითარება სწორად აღიქვეს. ჩვენ უპარტიო დეპუტატები ვიქნებით და ამ არჩევნებში მონაწილეობას „ევროპულ საქართველოსთან" ერთად მივიღებთ.

„მე ვიქნები სიაში, როგორც უპარტიო ნინო გოგუაძე, ადრე უნდა ვყოფილიყავი, როგორც „თავისფალი დემოკრატი" ნინო გოპგუაძე, ახლა ვიქნები როგორც უპარტიო" - განაცხადა გოგუაძემ „რეზონანსთან".

პროცესს თავის მხრივ „თავისუფალ დემოკრატებში" დარჩენილი წევრები გამოეხმაურნენ, მათი განცხადებით, პარტია 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მას შემდეგ რაც ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგები პარტიის თავმჯდომარემ და გამგეობის წევრებმა დატოვეს, პარტია მზადაა, რომ პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლოს.

„ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან, იმისათვის რომ არჩევნებით შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნება" და ამ ქვეყანას, სწრაფი განვითარების და ევროპული მომავლის შანსი დავუბრუნოთ. ჩვენთვის ამ ბრძოლაში მთავარი წითელი ხაზი გადის რუსეთზე;

„შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, თუ საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, რომელიც საკუთარ და საქართველოს მომავალს დასავლურ სივრცეში ხედავს. და ბოლოს, მინდა გაცნობოთ, რომ პარტიის რიგგარეშე ყრილობამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გამგეობის გადაწყვეტილებით, მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, შევასრულებ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას.

„აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო „თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი თავმჯდომარის შალვა შავგულიძის ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჩემი გუნდის წევრების მიმართ. მან ძალიან ცუდად, აუგად და დაუმსახურებელი ეპითეტებით შეამკო ისინი", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, „ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელობა არ აქვს „სამეული პარტიაში დარჩება თუ წავა", რადგან დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებზე უმრავლესობას თავისუფლად მოიპოვებს.

„არა მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის" ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ეს სამეული პარტიაში დარჩება თუ წავა, ზოგადად ოპოზიციაში ისეთი ვითარებაა, რომ არა მგონია,რომ დღეს ზოგადად ოპოზიცია „ოცნებისთვის" პრობლემა იყოს.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას" უმრავლესობის მოპოვება თითქმის გარანტირებული აქვს. არ ვიცი სამი თვის შემდეგ რა იქნება, მაგრამ, დღესდღეობით ეს პარტია დიდი ალბათობით ალბათ ყოველგვარი კოალიციის გარეშე უმრავლესობას შექმნის, რაც ძალიან ძალიან ცუდია.

„ოპოზიცია ამ მხრივ სრულიად უსაგნოა, ამაში ხელს თავად უწყობს, ასეთი განცხადებები შესაძლოა „ქართული ოცნებისთვის" დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, მაგრამ ამომრჩევლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოპოზიციაში ნებისმიერი ასეთი რყევა, ამომრჩეველს გულგრილს ხდის, ან არჩევნებზე საერთოდ არ წავა, ან თუ წავა ისევ ძველი შეჩვეული ჭირის პრინციპით იმოქმედებს" - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „თავისუფალ დემოკრატებში" ცვლილება პოლიტიკურ ველს და წინასაარჩევნო ვითარებას არ შეცვლის.

„არა მგონია, რომ ეს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა იყოს, მე მხოლოდ ესენი (შავგულიძე, გოგუაძე, ბარამიძე) მეგონა „თავისუფალი დემოკრატები", სხვა თუ ვინმე იყო ამ პარტიაში, არც ვიცოდი, ანუ ჩემთვის პირადად ასე გამოდის, რომ პარტიამ პარტია დატოვა, ამ პარტიაში ამ სამი ადამიანის გარდა სხვა კიდევ ვინ იყო, არ ვიცი.

„არა მგონია, რომ ამით პოლიტიკურ მოზაიკაში რამე იცვლებოდეს, ნინო გოგუაძეს ძალიან პატივს ვცემ და მეგობრად ვთვლი, შალვა შავგულიძე ძალიან წესიერი ადამიანია, დანარჩენი კი ეს მაგათი ცხოვრება და არჩევანია."- განაცხადა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×