
ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმეშენებელს" შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას" არასწორად მიაჩნია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს" თბილისის ორ ოლქში ჰყვას თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი - საბურთალოზე თაკო ჩარკვიანი და ისანში გიორგი ვაშაძე, რომელსაც ასევე გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს მხარს და საერთო კონსესუსითაა არჩეული.
„ნაციონალური მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენონ. მათი თქმით, ამ თემაზე ოპოზიციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. პარტიაში ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, თუმცა, მედიასთან საუბარში გარკვეული მინიშნებები გაკეთდა. პოლიტოლოგების შეფასებთ, ეს პროცესები საზოგადაოებაში ნიჰილიზმის გაჩენას უწყობს ხელს, რაც უარყოფითად აისახება, ზოგადად ოპოზიციურ სპექტრზე.
გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" პერსონალურად მას ებრძვის რადგან, თავიდანვე შეთანხმების ფარგლებში „ნაც.მოძრაობას" ნათქვამი ჰქონდა, რომ თბილისის მხოლოდ ორ ოლქში დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას.
„ნაციონალური მოძრაობის" თქმით, გიორგი ვაშაძე სიაში ათზე მეტ კანდიდატს და პრემიერ-მინისტრობას ითხოვდა. ვაშაძე უარყოფს სიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, გიორგი ვაშაძეს მისი რეიტინგი პრემიერ-მინისტრობის ამბიციას არ უნდა აძლევდეს.
„მინდა, გიორგი ვაშაძეს ერთი რამ ვურჩიო - საკუთარი ამომრჩევლის ნების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იქნება მთავრობაში, ეს არის ამომრჩევლის, და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების გადასაწყვეტი.
"შესაბამისად, ასეთი განცხადებები კონტექსტიდან ამოვარდნილია. თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, გიორგის მისი პარტიის რეიტინგი ამის აფიშირების და ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა პატივი სცეს ამომრჩეველს. ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამიტომ, მე ზედმეტადაც მიმაჩნია ახლა რაიმე სახის მთავრობაზე საუბარი.
"ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად აწუხებს ის, რომ ისანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია ძლიერად არის წარმოდგენილი, არ გვყავს ჩვენი საკუთარი კანდიდატი", - განაცხადა დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ვაშაძემ თავად დაარღვია ეს ერთობა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" გაუმართლებლად მიაჩნია 2%-იანი პოლიტიკური ძალის მხრიდან 2 მაჟორიტარი კანდიდატის - გიორგი ვაშაძის და თაკო ჩარკვიანის დაყენება თბილისში.
„სამწუხაროა, რომ გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა დაარღვიეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა და თავად გამოვიდნენ ამ ერთობის დამრღვევებად აბსოლუტურად არარელევანტური მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდიდატის სავალდებულო დასახელება ყოფილიყო მისი სახით.
"შესაბამისად, კვოტები - დაახლოებით 10 მანდატი მოითხოვა პარტიულ სიაში და ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო, რადგან მთავარი არის ახლა ამ არჩევნების დროს ვკონცენტრირდეთ ამომრჩევლის პრობლემებზე და არა თანამდებობების გადანაწილებაზე.
"საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის წარდგენა მოხდა ამ ჯგუფის მიერ ისე, რომ ეს შეთანხმებული არ ყოფილა არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. გაუმართლებლად მიგვაჩნია 2%-იანი პოლიტიკური ძალის მხრიდან 2 მაჟორიტარი კანდიდატის არსებობა თბილისში, ამიტომ ბევრი არგუმენტია ამ საკითხის ხელახლა წამოსაწევად", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
გიორგი ვაშაძე მის მიმართ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარღვია შეთანხმება. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს რათა ეს შეთანხმება შენარჩუნდეს და ძალაში დარჩეს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ სამიზნედ მათ აირჩიეს ჩემთან ბრძოლა და არა ივანიშვილთან. ძალიან ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიზნად დაისახა ამ შეთანხმების დარღვევა, რაღად უნდათ ეს ტყუილები, აკი თვითონ არ ამბობდნენ თბილისში ორი ხუთი ნომერი იქნება მხოლოდო? ერთი თვის მერე რა შეიცვალა? ერთი თვეა გაერთიანებიდან წამოვედი, ხოდა აქამდე სად იყვნენ, გუშინ რა შეიცვალა?
„რაც არ უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ", მე ყველაფერს შევეცდები, რომ ეს შეთანხმება იყოს შენარჩუნებული. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთო გამარჯვებაში. ძალიან ვწუხვარ, რომ მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოებრივი. პირველი ვინც დაზიანდება ამ შეთანხმების დარღვევით, არის „ნაციონალური მოძრაობა. ტყუილი ხო არ დაიმალება?
„თუ 3%-იანები ვართ და არავინ მხარს არ გვიჭერს, რატომ ნერვიულობენ მაშინ? წაიღონ მაშინ მთელი ის მხარდაჭერა რაც აქვთ და დამთავრდება ამით ყველაფერი. მათ ამოიჩემეს პერსონალურად ჩემთან ბრძოლა. რაღაც აჭრილია სიტუაცია და იმედი მაქვს, რომ სიტყვის გამტეხის სახელს არ წაიღებს „ნაციონალური მოძრაობა".
„ჯერ არცერთი წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ სხვა ოპოზიციურმა ძალებმა შეიცვალონ საკუთარი პოზიცია.
„მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც". თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის - დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების მაგივრად ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა.
"მე დავამარცხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა" ვაშაძეს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში, რადგან მან 27 ივლისს კოალიცია „ძალა ერთობაშია" დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბა.
რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობაში შემავალ სხვა პარტიებს, როგორც „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, ოპოზიციურ ერთობის გადაწყვეტილებაში ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ შევა.
„ბლოკში „ძალა ერთობაშია" ამის განხილვა არ ყოფილა, ამას ვადასტურებ. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის ისე, როგორც იყო, საუბარია ერთიან პოზიციაზე. ჩემს პოზიციას ბლოკის თემაში აუცილებლად დავაფიქსირებ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, ამ ეტაპზე ერთობის მომენტი თბილისი მაჟორიტარებთან დაკავშრებით არის მნიშვნელოვანი და შეთანხმებული", - ამბობს პაატა დავითაია.
მსგავსი შინაარსის განცხადებას აკეთებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
„მიღებული გადაწყვეტილება 30 და მეტი პოლიტიკური პარტიისაგან არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე რევიზიას. თუ არ მოხდა რამე გადაულახავი სტიქიური ან ფორსმაჟორული სიტუაცია. შესაბამისად, ჩვენი პატივისცემა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, არის მომავალი გამარჯვებების გარანტია ყველა პარტიისათვის. აზრები შეიძლება გამოითქვას მრავალნაირი მათ შორის, ემოციური, გაბრაზებული, იუმორისტული ჩვენ აქედან დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი საერთო გადაწყვეტილებას არ შეცვლის", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
როგორც „ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, „ევროპული საქართველო" ყველაფერს შეეცდება დედაქალაქში მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად.
„ევროპული საქართველო" იქნება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც თბილისში ოპოზიციურმა ერთობამ მიიღო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს, რაც შედის პარტიის შესაძლებლობებში, რათა დაცული იყოს ეს შეთანხმება. მეტ დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებ", - ამბობს სერგო რატიანი „რეზონანსთან".
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს პროცესები დადებითად არცერთ ოპოზიციურ პარტიაზე არ იმოქმედებს, მათ შორის, არც „ნაციონალურ მოძრაობაზე".
„ოპოზიციური ერთობა უკვე პრაქტიკულად არანაირი ერთობა აღარ არის. იყო თბილისში შეთანხმება და თუ ეს შეთახმება დაირღვევა, ეს ოპოზიციურ ამომრჩეველში ნიჰილიზმს გააღვივებს. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციის არცერთი პარტიისთვის არ იქნება კარგი. ესა არაა, რომ ერთ ოპოზიციონერს ცუდად წაუვიდა საქმე და მეორეს არაუშავს. პრინციპში ყველა დაზარალდება და უკვე დაზარალებულიცაა.
„შედეგი, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი. სხვათაშორის, არც „ნაციონალური მოძრაობისთვის". სოციოლოგიის კანონია, რომ როცა ზოგადად ოპოზიციაში ნიჰილიზმის გაღვივება ხდება ეს საერთოდ მქომდებს ნებისმიერ ოპოზიციურ განწყობაზე.
"ასეთ სიტუაციაში კი, როდესაც ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთს ხმებს ართმევენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხეირობს. ისედაც ძლიერი კანდიდატი ჰყავს ხელისუფლებას ისნის ოლქში კახიშვილის სახით და ამ პროცესების შემდეგ უფრო მეტი შანსია, რომ მან ხმების გაცილებით მეტი რაოდენობა მიიღოს", - ამბობს დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან".
გიროგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიადან" წამოსვლის შემდეგ არაერთხელ გამხდარა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდიან საჯარო კრიტიკის ობიექტი. პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი წასვლა "ბნელ მხარეზე" გადასვლად შეაფასა.