
ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებიდან" პაატა კვიჟინაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოდან" სერგო რატიანი, ხოლო „ლელოდან" ანი მიროტაძე იბრძოლებენ, როგორც ოპოზიციური კანდიდატები მიიჩნევენ, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონში ბრძოლა ძნელია, თუმცა იმედი აქვთ, რომ გამარჯვებას შეძლებენ.
როგორც ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის „ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარ კანდიდატი ანი მიროტაძე „რეზონანსთან" ამბობს, ქალაქებში, სადაც ისაა წარდგენილი, მდგომარეობა რთულია, მოსახლეობას კი მისი თქმით ცვლილება სურს.
„არავის აღარ უნდა უმოძრაობასა და უიმედობაში ცხოვრება, ყველა ფიქრობს, რომ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს, იმ კუთხით, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არ იყოს, რომ ადამიანებს საკუთარი ოჯახისთვის მომავლის დანახვა შეეძლოთ, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათი შვილები საკუთარი თავის რეალიზებისთვის სამშობლოდან გაიქცევიან.
„მუდმივი ზეწოლები, „ცხრა წელი" და ორპოლუსიანობის მახინჯი პერიოდი არავის არ უნდა, ყველას შედეგზე ორიენტირებული ძალა უნდა, რომელიც ამ რეალობას ჩაანაცვლებს.
„გარდა ზოგადი პრობლემებისა, ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, მარგანეცის საშინელ მოპოვებას ვგულისხმობ, რომელსაც საშველი არ დაადგა და ხალხმა ვერ ამოისუნთქა და თუ ვინმემ ხმა ამოიღო, აუცილებლად ან სამსახურიდან გაშვებით დაემუქრებიან ან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მოხდენით.
„საჩხერეში ვიყავი და იქ მეუბენებიან, რომ ახალგაზრდამ რა უნდა გააკეთოს, სწავლის მიღება უნდა, სპორტით დაკავება უნდა, აქ მსგავსი შესაძლებლობები არაა და მეორე ის, რომ იქ არცერთი საწარმო არ მუშაობს, ყველა ადამიანი მხოლოდ გარე ვაჭრობასთან და ადმინისტრაციულ სამსახურებთანაა დაკავშირებული, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საჩხერეში ხალხი ძალიან კარგადაა, ძალიან ცდება.
„ერთმა საჩხერელმა ადამიანმა მისაყვედურა და ალბათ ბევრი საჩხერელის სათქმელი მითხრა, თქვენ ისე გააკეთეთ, რომ რადგან ეს ბიძინას მხარეაო, მის მძევლობაში დაგვტოვეთო. რომ დავუკვირდი, მართალია. ამ რაიონის კარი ისე კამოვკეტეთ, ამ ხალხს რა უჭირთ, რა ულხინთ არ ვიკითხეთ, ამ ადამიანებს ჩვეულებრივად შიათ, მათ გადახურული სახლები და გაზი აქვთ, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ მოხმარებული გაზის საფასური გადაიხადოს.
„21-ე საუკუნეში საჩხერეში ისეთი სოფლები არსებობს, სადაც ელემენტარული გადაადგილების შესაძლებლობა არაა, გზები ისეთი მომსპარია, როცა ლაპარაკობენ რომ საჩხერეში კეთდება რაღაცეებიო, ალბათ რაღაცეები კეთდება, მაგრამ არ ვიცი.
„ხარაგაულში ჩასვლა ჯერ ვერ მოვახერხე, ჩასვლას ვაპირებ, თუმცა როგორც მეუბნებიან, იქაც იმაზე უარესი გაჭირვებაა, როგორიც სხვა დანარჩენებში."- განაცხადა მან.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონში რთულია, თუმცა მისი თქმით, ყველაფრისთვის მზადაა.
„იმიტომ, წავედი ბიძინა ივანიშვილის რეგიონში, რომ საზოგადოებას დავანახო, რომ ხელგამოწვდილი და მადლიერი კი არ იყოს, რომ სახელმწიფო დაეხმარება, არამდ ადამიანებმა თავი სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ, რომ იშრომონ და თვითონ გამოიმუშავონ, ჩვენ ჩვენი მოქალაქეები სახელწიფოში უნდა დავაბრუნოთ.
„მინდა ეს ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ ხელების გადაგრეხვას თავი დაანებონ, ამ ხალხს განვითარება, მომავალი და სიცოცხლე უნდა, რომლის შესაძლებლობასაც „ქართული ოცნება" არ იძლევა, აი ამიტომ წავედი ამ ძალიან რთულ ოლქში და ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, რომ დიახ! ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ, თითოეულ ადამიანს შევხვდები და ვეტყვი, რომ გამომყვეს მომავალში.
„ჭიათურას განვითარების რესურსი აქვს, მთავარია, რომ იქ არ ჰყავდეთ ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წურბელებივით არიან შესეულები, ამ ქალაქს ანგრევენ, მარგანეცის წარმოებას 600 მილიონიანი ბრუნვა აქვს და ქალაქში 6 ლარი არ რჩება, ქალაქისთვის საერთოდ არაფერი არ კეთდება.
„აი, ამისთვის მივდივარ ამ ოლქში და თუ სერიოზული წინააღმდეგობა შეიქმნება, ამისთვისაც მზად ვარ, ბევრი ვიფიქრე, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ რადგან ეს გადაწყვეტილება მივიღე, ნიშნავს, რომ ყველა მეთოდისთვის, რასაც ისინი გამოიყენებენ, მზად ვარ.
„ამ რეგიონში ბრძოლა რა თქმა უნდა ძნელია, პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის სახელით მთელი სახელისუფლებო მანქანა მებრძვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ახლა რამე შეიცვლება, მათთვის სამყარო მთავრდება, სამყარო კი არ მთავრდება ახლა იწყება," - განაცხადა მიროტაძემ.
ამავე ოლქის „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ამ რაიონების მაცხოვრებლები (განსაკუთრებით ჭიათურასა და ხარაგაულში) ოპოზიციურად არიან განწობილნი, კანდიდატის თქმით კი ანტისახელისუფლებო განწყობები კი რთულმა ყოფამ შეუქმნა, რომელიც ამ რეგიონებში არსებობს.
„ვფიქრობ, რომ ხალხის განწყობები ძალიან ოპოზიციურია, ძალიან სერიოზული უკმაყოფილებაა, უნდა ვთქვა, რომ ეს უკმაყოფილება საჩხერეშიცაა, თუმცა განსაკუთრებით ჭიათურა-ხარაგაულშია, აქ ჩვენ ვხედავთ თუ ადამიანბების ყოფა რამდენად მძიმეა და განწყობები რამდენად მკვეთრად ოპოზიციურია.
„ჭიათურას პრინციპში კორუმპირებული ჩინოვნიკები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები მართავენ, რომლებიც წლებია ხალხის ფულს იპარავენ, ეს ადამიანებმა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ კი არ აღმოაჩინეს, მანამდეც იცოდნენ, რომ ეს ასეა.
„გადაულახავი პრობლემაა გაზი, გზები და წყლის გაყვანა, ამ მხრივ საჩხერეში ეს პრობლემა ნაკლებია, მაგრამ საჩხერეს ზუსტად იგივე პრობლემები აწუხებს, რაც საქართველოს სხვა მოქალაქებს, ესაა ძირითადად უმუშევრობა, ფასების ზრდა, კრიმინალის ზრდა, გაუმართავი ჯანდაცვა და განათლების პრობლემები.
„ჩვენი მიზანია ის, რომ მეორე ტურამდე მივიდეთ, მივესალმები იმას, რომ აქ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატები დაასახელონ, რომელიც არის გზა მეორე ტურისკენ, არჩევანი რაც უფრო მრავალფეროვანი იქება და მოსახლეობას თავის კანდიდატს რაც უფრო მეტი პარტია შესთავაზებს, მეორე ტურისა და გამაჯვების შანსი მით უფრო ჩნდება.
„აქ სიძნელე იმაშია, რომ საჩხერე ერთ-ერთი ყველაზე რთული უბანია, ჩემი აქ წამოსვლის მოტივაციაც სწორედ ეს იყო, სიმბოლურია, რომ ბიძინა სწორედ ამ ოლქში დავამარცხოთ, აკაკი წერეთლის სამშობლოს ოლიგარქის სახელი არ უნდა ჩრდილავდეს და ეს სიმბოლური გამარჯვება იქნება.
„ქართული ოცნების" კანდიდატი კვიჟინაძე პარლამენტში ჩემი კოლეგაა, პიროვნულად უსიამოვნო ადამიანი არაა, მაგრამ ასეთივე მურაბა და ტკბილი კაცი საჩხერეში ბევრია, მისი დამსახურება მხოლოდ ისაა, რომ ის ბიძინას პარტიის წევრია, ივანიშვილმა ერთი უცნაური რამ გააკეთა, მან პარტიულ ორგანიზაციასაც კი გარკვეული ანგარიში არ გაუწია და კანდიდატი საჩხერედან დაასახელა, ჭიათურაში „ქართული ოცნების" კანდიდატის სახელიც კი არ ახსოვთ, მართალი გითხრათ პარლამეტში მისი სახელი და სახეც მეც არ მახსოვს, თუ არ ვცდები ამ ხნის განმავლობაში მას გამოსვლა ერთხელ ჰქონდა."- განაცხადა რატიანმა.