
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი 29 წლის ლასო აბუთიძეა. როგორც მეზობლები „რეზონანსთან" ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი იმავე სოფელში ოტეჯის მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა დაახრჩვეს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კონფლიქტური არ იყო.
„ლასოს კოტეჯი ჰონდა გაქირავებული. მეზობლად იმერელი მუშები კოტეჯს აშენებდნენ, რომლებიც გვიან ღამით მივიდნენ გარდაცვლილის მიერ გაქირავებული კოტეჯის სტუმარ გოგოებთან. სტუმრებმა გარდაცვლილს დაურეკეს და უთხრეს, რომ მუშები მათ აწუხებდნენ. ადგილზე ვითარებაში გასარკვევად მისული ახალგაზრდა კი მუშებმა დაახრჩვეს. მეტი არავინ არაფერს ამბობს. როგორც ვიცი, ის გოგონები ახლა დაკითხვაზე არიან. სამივე მუშა დაიჭირეს. ლასოს ხმამაღალი სიტყვაც კი არავის ახსოვს, ყველანი გაოგნებული ვართ", - ამბობენ ადგილიბრივები „რეზონანსთან".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს-ის ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.