
რეგულაციების შემსუბუქების პროცესში ინფექციის გავრცელების რისკი, ცხადია, იზრდება, მაგრამ ქვეყნები და ეკონომიკები ჩაკეტილი ვერ იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში. ის, ალბათ, ჩვენ და მთელ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის, სანამ არ იქნება ეფექტური ვაქცინა და ეფექტური წამალი. ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან, ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან უნდა გავზარდოთ მობილობა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს – ყოველდღიურად 7, 10, 15, 20 შემთხვევა – ეს ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ და ამ შემთხვევებს საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით, ამ ჩარჩოში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.