
იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება ალექსეი ნავალნის მიზანმიმართული მოწამლის ვერსია, შეერთებული შტატები რუსეთს მკაცრი ზომებით ემუქრება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. კერძოდ, ეს მუქარა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირველმა მოადგილემ, სტივენ ბიგანმა გააჟღერა.
ამასთან, ამერიკული მხარე ნავალნის მოწამლის ფაქტს „ინციდენტს" უწოდებს მანამ, სანამ სამედიცინო შემოწმების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება.
ამერიკელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ დადასტურდება, ნავალნის, როგორც ოპოზიციონერის მოწამვლის ვერსია, ვაშინგტონი მიიღებს შესაბამის ზომებს, რომელიც უფრო მძიმე იქნება, ვიდრე „ამერიკული საზოგადოების რეაქცია რუსეთის ჩარევაზე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში".
რუსი ოფიციალური პირები ამ განცხადებებს დაუშვებელ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს უწოდებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ამ საკითხის საფუძვლიან და ობიექტურ გამოძიებას.
მანამდე, 25 აგვისტოს, აშშ-ს ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ნავალნის საქმე. იგივე მოითხოვეს საფრანგეთის ხელისუფლებამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.
წინა საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ გერმანელმა ექიმებმა ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამვლელი ნივთიერება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ოპოზიციონერი ლიდერის ჯანმრთელობას. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რა იყო ეს საწამლავი, თუმცა ცნობილია, რომ ის მიეკუთვნება ქოლინესტერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს ინფორმაცია დადასტურებულია დამოუკიდებელი ლაბორატორიების კვლევებით. ამჟამად მიმდინარეობს ფართო კვლევა, რომელის მიზანია ზუსტი ნივთიერების დადგენა.
რუსი ოპოზიციონერი და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ქალაქ ომსკში, საიდანაც ოპოზიციონერი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტოქსიკური რეანიმაციის განყოფილებაში. როგორც თანხმხლებმა პირმა განაცხადა, ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, რაშიც შესაძლოა მისივე თქმით, საწამლავი ნივთიერება იყო გარეული.
22 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, რუსი ოპოზიციონერი ომსკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიცია კლინიკის გარეთ 24-საათიან დაცვას ახორციელებს.