
თამარ ბაჩლიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში მწყემსების რაოდენობა გაიზარდა. როგორც ადვოკატმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, თუ აქამდე საქმეში იყო ორი მწყემსი, მამა-შვილი, ახლა მათი რაოდენობა გაზრდილია და ადვოკატის თქმით, ყველა მათგანი ცრუობს.
როგორც რამიშვილი აცხადებს, ყველა მწყემსი ერთნაირ ჩვენებას აძლევს და აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ნახირის საძოვრად არ გამოიყენება.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მან ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თვენახევრის შემდეგ გადაიღო ვიდეომასალა, სადაც მისივე განცხადებით ჩანს, რომ იმავე ადგილიდან დიდი რაოდენობით ნახირი გამოდის.
„უფრო მეტი რაოდენობა იჩენს თავს მწყემსებისა, მრავლდებიან. თუ აქამდე იყო მამა-შვილი, ახლა დაემატნენ კიდევ სხვა მწყემსები, რათა ერთხმად დაადასტურონ, რომ ეს ადგილი, როგორც საძოვარი არ გამოიყენება. იქაური ბალახი და იქაური საძოვარი მიუღებელი ყოფილა თურმე ნახირისთვის. ასეთი აბსურდი არ მინახავს. ამ დროს, თვენახევრის შემდეგ, როდესაც მე ვიდეოკადრები გადავიღე, ზუსტად იმ საძოვრიდან დიდი რაოდენობის ნახირი გამოვიდა. ტყუილი არასდროს დაიმალება. ამით უკვე დასტურდება, რომ არა ორი მწყემსი, არამედ ყველა მწყემსი ტყუის“,- განაცხადა რამიშვილმა.