რეზონანსი
28.08.2020

მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ერ რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი.

როდესაც მოსალოდნელი ნეტარი მიძინების სასიხარულო ამბავი შეიტყო, მისი სახე ისეთი ზეციური სიხარულით ბრწყინავდა, რომ მისმა ღვთაებრივმა დიდებამ ყველა შეაძრწუნა.

როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს და მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.

მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ისევე, როგორც ოდესღაც თავისი ეჭვით ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება დაამოწმა. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი.

მოციქულებმა მწუხარეთა ნუგეშინისსაცემად და იქ არმყოფთა დასარწმუნებლად საფლავში დარჩენილი მანტია აიღეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და ძალიან მალე სახარების საქადაგებლად ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში კვლავ გამოჩნდნენ.

ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა - ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა; შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შეინარჩუნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×