
„სომხეთის შეიარაღების პროცესი ბოლო დროს აზერბაიჯანის საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს", - ამის შესახებ შაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.
„რეზონანსი" სამხედრო საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა ნაბიჯებზე შეიძლება წავიდეს აზერბაიჯანული მხარე და შეწყვეტს თუ არა რუსეთი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებას.
გაჯიევის თქმით, ეს საკითხი პრეიზდენტმა ილჰამ ალიევმა თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს დასვა, თუმცა რუსული მხარის პასუხი აზერბაიჯანისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.
„რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით ხდება ტვირთების გადაზიდვა და ეს ჩვენი საოზგადოების შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ბოლომდე არ დაგვმაყოფილა რუსული მხარის განცხადებებმა და ველოდბით სიცხადის შეტანას იმ საკითხში, თუ რის საფუძველზე ფრძელდება სომხეთის ინტენსიური შეიარაღება.
„ტოვუზის მოვლენების დროს სომხეთმა აჩვენა, რომ ის საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ არ დაგვაკმაყოფილა (რუსეთის) პასუხმა, თითქოს თვითმფრინავებს სამშენებლო მასალები გადაჰქონდათ. ამტვირთების გადატანა სხვა გზითაც შეიძლებოდა", - განაცხადა გაჯიევმა.
ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი არ შეწყვეტს სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემას, რადგან ამ მხარდაჭერას მათ შორის არსებული შეთანხმებები ითვალისწინებს:
„რა თქმა უნდა, რუსეთი გააგრძელებს სომხეთისთვის შეიარაღების გადაგზავნას და ამაში ეჭვი არავის ეპარება. რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის ხელშეკრუებაა გაფორმებული, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მჭიდრო ურთიერთობაც აქვთ და მასში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაცაა გათვალისწინებული.
„ამ ორგანიზაციის სამართლებრივი ბადის საფუძველზე, სომხეთი რუსეთისგან შეიარაღებას 30-40%-იანი შეღავათით იღებს. ამავე დროს რუსეთი სომხეთს გრძელვადიან კრედიტს აძლევს შეიარაღების შესაძენად", - ახცადებს მაისაიამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გამწვავდა, შესაძლოა ერთმანეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნან:
„თუ რუსეთთან აზერბაიჯანის ურთიერთობა დაიძაბება, ამ შეთხვევაში თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი განმტკიცდება. თურქეთის როლი და მისი პოზიციების გაიზრდება.
„გარდა ამისა, აზერბაიჯანი შეეცდება, რომ რუსეთს გამოუცხადოს ენერგეტიკული ომი. ახლა, როდესაც „სამხრეთ ნაკადისა" და „ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის ფონზე პრობლემებია დაწყებული, ამის ფონზე აზერბაიჯანი შეეცდება, რომ საკმაოდ სერიოზული ზარალი მიაყენოს რუსეთის გეოეკონომიკურ პოტენციალს.
„თუმცა, პირდაპირ კონფრონტაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან აზერბაიჯანის დღევანდელი მმართველი ჭკვიანი პიროვნებაა და საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს", - თქვა მაისაიამ.