ტატა შოშიაშვილი
30.08.2020

აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ჩასვლის შემდეგ ვნებათაღელვა არ წყდება. ამჯერად აფხაზეთის ე.წ. მართლამდიდებლური ეკლესია ილორის ტაძრისთვის „პარტიოტთა ალიანსის" მიერ გადაცემული ხატის უკან დაბრუნებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამის კურიერს ეძებენ.

ილორის ეკლესიის წინამძღოლმა, სერგეი ჯაპუამ რუსულ „სპუტნიკთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტი პროვოკაციაა. 18 აგვისტოს, ჯაპუას თქმით, თავად ეკლესიაში არ იმყოფებოდა და რამდენიმე საათი შემდეგ მისულს ქართველი პოლიტიკოსები იქ უკვე აღარ დახვდნენ.

„სანთლების გამყიდველ ქალს უთხრეს, რომ ამ ხატს ეკლესიას გადავცემთ საჩუქრად. თუმცა, არ უთხრეს, რომ საქართველოდან იყვნენ. ხატს დააწერეს „პარაკლისი". მაგრამ პარაკლისის გადახდა არავის არ შეეძლო. დიახ, მათ ჩამოიტანეს ხატი, მაგრამ რატომ გაუჩინარდნენ მაშინვე? ეს პროვოკაციაა", - თქვა სერგეი ჯაპუამ.

მისივე თქმით, მსგავსი აქციები დაუშვებელია, სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთისა და აფხაზური მართლამდიდებელი ეკლესიის ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

„ხატი უკან უნდა დავაბრუნოთ. მათი მხრიდან საჭიროა ადამიანი, რომელიც ხატს უკან წაიღებს. ადრე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა", - ჯაპუამ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები - საქართველოს პარლამენტი ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია 18 აგვისტოს ჩავიდნენ აფხაზეთში და ილორის ტაძრისთვის საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს.

„პატრიოტთა ალიანსის" წევრების ვიზიტის შემდეგ აფხაზეთში მასშტაბური სკანდალი დაიწყო, რომელსაც ე.წ. ოპოზიციონერების კრიტიკა და „პრეზიდენტის" ე.წ. მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

26 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა, რის შესახებაც თავად დაწერა „ფეისბუქში".

იქამდე, 24 აგვისტოს საკანიამ განაცხადა, რომ ინაშვილისა და მისი თანაპარტიელის ვიზიტი „ჰუმანიტარული აქციის" ფარგლებში გაიმართა და არანაირი პოლიტიკური მოლაპარაკება არ ყოფილა. საკანიას განმარტებით, დანარჩენი საქართველოდან პოლიტიკოსების მიღების შესახებ მისმა რუსმა მეგობრებმა სთხოვეს.

საკანიას ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის" წევრების აფხაზეთში ჩასვლის შესახებ შეგნებულად არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სწორედ იმიტომ, რომ ღონისძიებისთვის არ მიეცა რაიმე ოფიციალური სტატუსი.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ" განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს „პრეზიდენტის" მრჩეველსა და თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაამ" საკანიასა და შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვა ახნა-განმარტება. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა საკანიას ქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა „პრეზიდენტის" ამ ოფიციალურ განცხადებამდე საკანიამ თავად დატოვა თანამდებობა.

აღსანიშნავია, რომ 25 აგვისტოს დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ, განაცხადა რომ ასლან ბჟანიამ იცოდა მისი თანაშემწის ლაშა საკანიას და საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×