მარიამ ნებულიშვილი
30.08.2020

„შერიფის ინსტიტუტი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობის დონე და მათ შორის კონტროლის დონე იქნება მაღალი", - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას, ოპოზიციური პარტიების ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში გაუქმდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) და შემოიღებენ შერიფების ინსტიტუტს.

ამ გეგმის შესახებ ბორჯომში გამართულიშეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს, ზოგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ძირეულ პრინციპებზე შეთანხმდნენ.

„ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საარჩევნო ძირითადი სუბიექტები არიან, შევთანხმდით ძალიან ძირეულ პრინციპებზე. მათ შორის შევთანხმდით იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ ბიძინა რომ წავა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემა, როგორც რეპრესიული მექანიზმი, აღარ არსებობდეს. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. მე მიხარია, რომ ამ ინიციატივის უმეტესი ნაწილი ჩემი იყო. მაგალითად ის, რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, უნდა შევქმნათ შერიფის ინსტიტუტი, სკოლა უნდა იყოს ავტონომიური და ა.შ.", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

არჩილ გამზარდიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც ინსტიტუციურ დონეზე განხორციელდება, არ იყოს ამოვარდნილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტისგან.

„თავისდავად, როდესაც კონკრეტული პასუხისმგებლობის მქონე პირი არსებობს, ნებისმიერ ინსტიტუციურ წყობაში, ზოგ შემთხვევაში დადებითია, ზედმეტი ცენტრალიზება დღეს არ არის მართებული, როგორც მართვის და გაწყვეტის საუკეთესო საშუალება. საქმე ისაა, რომ საერთო სახელმწიფოს მართვის წყობიდაა ამოვარდნილი. სახელმწიფოში ლაპარაკი არის კოლექტიური ტიპის პასუხისმგებლობაზე, გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და არა ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, სადაც ერთი კონკრეტული პირია პასუხისმგებელი პროცესებზე. ამიტომ, საერთო კონტექსტიდან ეს მაინც და მაინც ბუნებრივ გადაწყვეტას არ აჩენს. თუ იქნება უფრო გლობალური შეხედულება და „ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს საერთო იდეას, რათა ბუნდოვან კოლექტიურ მმართველობამდე არ იყოს დაყვანილი თავდაცვა, პოლიცია ან სხვა ნებისმიერი მიმართულება, არამედ პირიქით, კონკრეტულ პირებზე ააგონ და ჩაშალონ შემდეგ სხვადასხვა პიროვნებებზე, ამ შემთხვევაში უფრო მეტად შეიძლება იყოს ეს მსჯელობის საგანი და საინტერესო ხედვა.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ საპარლამეტო მმართველობა საქართველოსთვის დღეს ყველაზე მეტად არაფრის მომცემია. ამ კონტექსტში თუ იქნება შემდეგ იდეა წარმოდგენილი, მაშინ ბუნებრივად ჩაჯდება შერიფობის ინსტიტუტიც. თორემ, როდესაც ასეთი აბსტრაქტული მართვის მოდელია ჩვენთან, კოლექტიური პასუხისმგებლობაა, მაგრამ რეალურად უპასუხისმგებლობაა. ამ შემთხვევაში ამ ნაწილში წამოწეული შერიფობის ინსტიტუტი და მასზე აქცენტირება უბრალოდ საერთო ლოგიკიდანაა ამოვარდნილი", - თქვა გამზარდიამ.

ზოგადად ამ ინიციატივას იგი დადებითად აფასებს, მაგრამ, მისივე თქმით, ამას დახვეწა სჭირდება, რადგან დიდი რისკია, რომ კონკრეტულმა პირებმა უფლებამოსილებას გადაჭარბონ.

„იდეა საინტერესოა, თუ ამას შემდეგ უფრო მეტად გაშლიან. თუმცა, ამას აქვს თავისი უპირატესობა - ის, რომ არსებობს კონკრეტული პირი, ვინ არის პასუხისმგებელი ლოკალურ სივრცეზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთან პრობლემაა უფლებამოსილების რანგში ჩაჯდომა. უფელბამოსილების გადამეტებას ხშირად აქვს ადგილი და არსებობს რისკები, რომ არ შეიქმნას ამ კუთხით მართვის ერთგვარი მძიმე სივრცეები.

„შერიფის ინსტიტუტი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობის დონე და მათ შორის კონტროლის დონე იქნება მაღალი. სხვა შემთხვევაში, შეიძლება მინი ძალაუფლებითი სივრცეები შეიქმნას, რაც არც უსაფრთოხების და არც პოლიტიკური კუთხით დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება.

„ამ იდეას კარგად გაშლა და ადაპტირება ესაჭიროება ჩვენს რეალობასთან. ნებისმიერ შემთხვევაში საერთო მართვის სისტემაში ჩასმა სჭირდება, თუ როგორ ხედავ სახელმწიფოში თავად სახელმწიფოს, ინტიტუციებსა და ე.წ. ქვედა დონეების მართვას - პიროვნებებზე აქცენტირებით, თუ ზოგადი კოლექტიური პასუხისმგებლობის შექმნით", - ამბობს არჩილ გამზარდია „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×