
კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა, რომელსაც ვირუსი ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას დაუდასტურდა, სავარაუდოდ, თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებლით იმგზავრა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ვიბლიანის განცხადებით, მასთან კონტაქტში მყოფ ორ პირს,რომლებიც სასტუმროს თანამშრომლები არიან, უკვე გაეწია რეკომენდაცია თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათი ნიმუშები ტესტირებისთვის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.
"ამ ეტაპისათვის, ორ პირს გაეწია რეკომენდაცია, ყოფილიყვნენ თვითიზოლაციაში, ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ ღრმა ეპიდკვლევაზე. თუმცაღა, მისი მონათხრობით, მას არ აქვს დიდი კონტაქტები. სავარაუდოდ, მატარებლითაა ნამგზავრი,"-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.