მარიამ ნებულიშვილი
31.08.2020

„კოკოითს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ გადატრიალების ლიდერი იყოს. ოღონდ, ის ვერ გახდება დე ფაქტო პრეზიდენტი - საცხოვრებელი ცენზი არ აქვს, მაგრამ შეიძლება იყოს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი", - ასე ეხმიანება ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და საქმოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ბოლო დროს ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს.

30 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელიც 29 აგვისტოს სოციალური ქსელში თანადგომას უცხადებდა ცხინვალის ანტისამთავრბო აქციების მონაწილეებს და ამბობდა, რომ 30-ში მათ შეუერთდებობდა. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ამის მიზეზი კორონავირუსის გამო რეგიონში მოქემედი შეზღუდვები იყო.

გამოცემა „კავკაზ რეალიის" ინფორმაციით, კოკოითის და მისი თანმხლები პირების ავტომანქანები საზღვრამდეც არ მიუშვეს და ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ბურონთან გააჩერეს, სადაც რუსეთის ეროვნული გვარდიის რაზმი იყო მობილიზებული.

ტელეგრამ არხის „ბრიფ ნეზიგარის" ცნობით, უკმაყოფილო კოკოითმა თავის თანამოაზრეებთან ერთად პირდაპირ შტურმი განახორციელა ქვემო ზარამაგის რუსულ გამშვებ პუნქტზე, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს რუსეთის ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო სამსახურის დამატებითი ძალები,როკოს გვირაბის მეორე მხრიდან მის შესაკავებლად მობილიზებული იყო „ომონი" და ე.წ. უშიშროების კომიტეტის სპეცრაზმი.

ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების სააგენტო „რეს"-მა ჩრდილოეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სამხრეთ ოსეთის საზღვართან ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო სამსახურის დამატებითი ძალების არანაირი მობილიზება არ ყოფილა".

თავად ედუარდ კოკოითმა კი ულტიმატუმი წაუყენა „პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვს და განაცხადა, რომ თუ ის 31 აგვისტოს 12:00 საათამდე არ გადადგებოდა, აუცილებლად ჩავიდოდა „რესპუბლიკაში". ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდგე კოკოითს ახალი განცხადება არ გაუკეთებია. ამჟამად იგი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ის პროცესები, რომლებიც ახლა ცხინვალში მიმდინარეობს, არ არის მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვის მოტივით ნაკარნახევი. მისი თქმით, ეს პოლიტიკური პროცესებია, რომლის კულმინაციაც შეიძლება გარკვეული რევოლუციური მოქმედებები იყოს.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უმრაავლესობა პოლიტიკური მოტივით არის გამოსული, ძირითადად გაგლოევისა თუ კოკოითის მომხრები არიან და არა უბრალოდ აღშფოთებულები ადამიანების უფლებების დარღვევეის გამო. რაღაც ნაწილი მართლაც ამის გამოა და ეს ორი ერთმანეთს ავსებს.

„ასე რომ, შეიძლება ეს გამოსვლები გაგრძელდეს და გადავიდეს სერიოზულ რევოლუციურ მოძრაობაში. მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ რეალისტურია სცენარის 60/40-ზე განვითარება, რევოლუციის სასარგებლოდ.

„მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებებლია ბიბილოვის რეჟიმი და კარგად იყენებენ ახლა ციხეში წამების ფაქტებს და ტენდენციას მის წინააღმდეგ. მიტინგებზე სულ ისმის კოკოითისა და გაგლოევის გვარები. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი სახლში მშვიდად არ დაბრუნდება და რაღაც ცვლილებები მოხდება ცხინვალში", - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე შეფასებით, კოკოითს ნამდვილად აქვს, იმის პოტენციალი, რომ გადატრიალების ლიდერი გახდეს. თუმცა, თავად „პრეზიდენტი" ვერ გახდება, რადგან საცხოვრებელ ცენზს ვერ აკმაყოფილებს. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გაგლოევი გახდეს, რომლის უკანაც კოკოითის გუნდი იქნება.

„მგონია, რომ კოკოითი შეიძლება ჩაუდგეს სათავეში მოსახლეობის პროტესტს. საზოგადოებაში არის განწყობა და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდება მაგარი, მძიმე ხელი, კოკოითი იყო კარგი ლიდერიო - ამ ლეგენდის გავრცელება მიმდინარეობს. ასე რომ, თუ მოხდება გადატრიალება, კოკოითის ხალხი იქნება მის სათავეში.

„მაგრამ მთავარია კოკოითმა თავი მოაწონოს რუსეთს. ცხინვალში კიდევ უფრო მეტი გავლენა აქვს კრემლს, ვიდრე აფხაზეთში. რაღაც მომენტში კრემლისთვის მიუღებელი იყო კოკოითი, ახლა მთავარია, რომ კოკოითმა მოახერხოს კრემლისთვის იმის დაჯერება, რომ აღარ იქნება, ეს მკვლელობები, წამებები, განუკითახაობა, რომელიც სიმართლე გითხრათ კრემლს სულაც არ მოსწონს, რადგან რეგიონში მშვიდობა სჭირდება. ამირტომ, თუ კოკოითი დააჯერებს კრემლს, რომ ბიბილოვი აუცილებლად უნდა წავიდეს. მეორე ვარიანტია ვინ იქნება შემდეგი დე ფაქტო პრეზიდენტი, კოკოითი პირდაპირ არც და ვერც იქნება, შეიძლება იყოს გაგლოევი და მის ზურგს უკან აღმოჩნდეს კოკოითის ხალხი", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, რომლისგანაც აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×