
საავიაციო ნავთი ნავთობპროდუქტებში ერთადერთია, რომლის ბიზნესსაც კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა. მართალია, ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით მნიშვნელოვანი კლებაა. ამის შესახებ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საკმაოდ ნეგატიურია საავიაციო ნავთის იმპორტის 7 თვის მონაცემი, რომლის თანახმადაც, კლება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ს აჭარბებს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ივლისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,2 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით ანუ 10,8%-ით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს (6,5 ათასი ტონა) და 3,8 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (11,0 ათასი ტონა) შედარებით.
რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი თურქმენეთია. ამ მიმართულებით ქვეყანაში შემოვიდა 6,4 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც მთელი იმპორტის 88,9 %-ია. ხოლო თურქეთიდან განსოხრციელდა 0,8 ათასი ტონა პროდუქტის იმპორტი, რასაც მთლიან იმპორტში 11,1% უჭირავს.
გარდა ამისა, როგორც ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა აცნობა, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, რაც 26,6 ათასი ტონით ანუ 42,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (62,7 ათასი ტონა) შედარებით.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტის 81,2% (29,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,7% (4,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 6,1% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.
,,ნავთობპროდუქტების ყველა სახეობას შორის ყველაზე ნეგატიური ტენდენცია იმპორტთან დაკავშირებით საავიაციო ნავთის სფეროშია. ეს პირდაპირ კავშირშია კოვიდ 19-თან, რადგან საავიაციო მიმოსვლა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იყო პერიოდები, როცა ეპიდემიის გამო საჰაერო მიმოსვლა თითქმის არ ხორციელდებოდა. ბოლო 2 თვეა, რეისების ზრდა ფიქსირდება, იხსნება საზღვრები, სხვადასხვა ქვეყანასთანთან მიმოსვლა აქტიურდება და დადებითი ტენდენცია ჩნდება, რამაც იმპორტზე იმოქმედა.
რაღაც დოზით ზრდა ფიქსირდება, თუმცა მთლიანობაში მნიშვნელოვანი კლებაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტში კლებაა. 2019 წელი ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო. ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, მაგრამ წელს ეპიდემიამ გარკვეული პრობლემა შექმნა და ამან იმპორტის შემცირებაზე გავლენა იქონია“, - განმარტა მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოში გათხევადებული აირების (ელპიჯი) იმპორტს, მთვრალაშვილის ცნობით, 2020 წლის ივლისში შეადგინა 3,2 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით, ანუ 15,8%-ით ნაკლებია ივნისის მაჩვენებელთან (3,8 ათასი ტონა) შედარებით, ხოლო წინა წლის ივლისის მონაცემს 0,6 ათასი ტონით, ანუ 15,8%-ით ჩამორჩება.
როგორც გაირკვა, გათხევადებული აირების იმპორტის 93,7% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში გათხევადებული აირების (ელპიჯი) იმპორტმა შეადგინა 24,5 ათასი ტონა, რაც 6,7 ათასი ტონით ანუ 37,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (17,8 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 95,5% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.
,,გათხევადებული აირის იმპორტთან დაკავშირებით ვითარება უმჯობესდება და ტენდენცია ამ მხრივ მომავალშიც პოზიტივისკენ შეიცვლება. ბევრი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, რომელიც ამ ტიპის საწვავს მოიხმარს. მისი ზრდა დაკავშირებულია ფასთა შორის სხვაობაზე ბენზინთან და ბუნებრივ აირთან შედარებით, რის გამოც გათხევადებული აირების იმპორტი და მოხმარება მატულობს. ვფიქრობთ, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდება“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.