თამთა ჩაჩანიძე
02.09.2020

3 სექტემბერს ბელარუსში რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მასობრივი აქციების ფონზე უკვე მეორედ ჩადის. მიშუსტინის მინსკში ვიზიტზე ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააჟღერა, თუმცა ჩასვლის მიზეზები არ გაუხმაურებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისავე თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ჩავა და ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მანამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „პუტინთან ერთად ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე საერთო მამულს შეინარჩუნებს".

რუსეთი ამჯერად მინსკის კრიზისს უკრაინას აბრალებს. როგორც ლავროვი ამბობს, ბელარუსში დესტაბილიზაციას უკრაინის ტერიტორიიდან ახდენენ.

„გვაქვს მონაცემები 200-მდე ექსტრემისტის შესახებ, რომლებიც უკრაინაში არიან მომზადებული ბელარუსში დესტაბილიზაციისათვის. სპეცსამსახურები მათი საქმიანობის შესწავლით უნდა დაკავდნენ", - განაცხადა ლავროვმა.

შეერთებული შტატები კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ბელარუსის კრიზისში უფრო ღიად ჩაერევა, მაშინ მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერზი" ამერიკის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

აღსანიშნავია, რომ მიშუსტინი და ლუკაშენკო მანამდე ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მინსკში გამართულ ევრაზიული სამთავრობოთაშორისი საბჭოს სხდომაზე 17 ივლისს შეხვდნენ, სადაც მიშუსტინმა აღნიშნა, რუსი ადამიანისთვის ბელარუსის მიწა ყოველთვის იყო ახლობელი და მშობლიური და, მისივე თქმით, მომავალშიც ასე იქნება.

მინსკში მასობრივ პროტესტს ამჯერად უკვე ცნობილი ბელარუსი სპორტსმენებიც შეუერთდნენ. მათ განაცხადეს, რომ ბელარუსის სპორტსმენთა თავისუფალ ასოციაციას შექმნიან და კოლეგებსაც მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ.

„მოვიდა დრო, როცა ჩვენ, ბელარუსი სპორტსმენები, ჩვენი ხალხის გულშემატკივრები გავხდებით", - განაცხადა თავის მიმართვაში ორი ოლიმპიადის მონაწილემ, კალათბურთელმა ელენა ლევჩენკამ.

ბელარუსის უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა" იმ 80-კაციან სიას აქვეყნებს, რომლებიც მინსკში სტუდენტების აქციების დროს დააკავეს. ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიაში სტუდენტები, ერთი ლექტორი და ცხრა ჟურნალისტია.

სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს 1-ლი სექტემბრიდან შეუერთდნენ, ისინი ბელარუსის რამდენიმე ქალაქში აქციებზე ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიცია მასობრივი გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა, ლუკაშენკოს გადადგომისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ ძალის გამოყენების წინააღმდეგ მოთხოვნას ხელი ბელარუსის რკინიგზის ათასზე მეტმა თანამშრომელმა უკვე მოაწერა.

კრიზისის ფონზე კი თავის მხრივ ბელარუსის პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივით გამოვიდა. ოპოზიციონერი, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება, ინიციატივის საპასუხოდ ამბობს, რომ რეფორმები მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის ნიშნად ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა, ლუკაშენკომ კი მადლობა „რაშა თუდეის" იმ ჟურნალისტებს გადაუხადა, რომლებმაც ბელარუსის სამთავრობო ჟურნალისტები გაფიცვის შემდეგ ჩაანაცვლეს. ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ჩამოყვანილ რუს ჟურნალისტებს თითქმის 4-ჯერ მეტ ხელფასს უხდიან.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ქალაქებში ფართომასშტაბიანი აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილენი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელიც, მათი თქმით, ბელარუსის ცესკო-მ გააყალბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×