თამთა ჩაჩანიძე
03.09.2020

რუსეთი სხვადასხვა ხერხს იყენებს, რათა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი როგორმე გადაფაროს. ამჯერად კი ვლადიმირ პუტინს მოხალისე ასისტენტი გამოუჩნდა ბელორუსის წყალშეყენებული პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სახით, რომელმაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, არც მეტი არც ნაკლები, ნავალნის ანალიზების პასუხების გაყალბებაში დაადანაშაულა.

როგორც ლუკაშენკო რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს საჯაროდ უმტკიცებს, ბელარუსმა ბერლინსა და ვარშავას შორის საუბარს მოუსმინა, რომელიც ამტკიცებს,რომ ბერლინის მიერ გამოქვეყნებული ალექსეი ნავალნის ტოკსიკოლოგიური დასკვნა გაყალბებულია.

„ჩვენმა რადიოელექტრონულმა სამხედრო დაზვერვამ საუბარი დაიჭირა. იცით, რომ ბელორუსის დასავლეთ საზღვრებზე ჯარის ნაწილებია განლაგებული. ჩვენ საკმაოდ საინტერესო საუბარში ჩავერთეთ, რომელსაც გავამზადებთ და ფსბ-ში გავაგზავნით, საუბარი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ნავალნის მოწამვლა არ მომხდარა და დასკვნა გაყალბებულია," - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო რუსეთის პრემიერს დაპირდა, რომ საუბრის ჩანაწერი რუსულ მხარეს აუცილებლად გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიამ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ტოქსიკოლოგიური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ნავალნი ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკითაა" მოწამლული.

გერმანიის მთავრობამ აღნიშნული დაგმო და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრისთვის პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს მიმართა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინიმა სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ის ასევე რუსეთის მიმართ ალექსეი ნავალნის საქმეზე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, როდესაც ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა, ნავალნის ტანმხლები პირი აცხადებდა, რომ ოპოზიციონერმა მხოლოდ ჩაი დალია სადაც შესაძლოა საწამლავი ნივთიერება ყოფილიყო, მოგვიანებით ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პრესკონფერენცია გამართეს და მოწამვლის ვერსია გამორიცხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×