რეზონანსი
03.09.2020

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის ანდრო გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, აღნიშნული ქმედებით რუსეთს სურდა გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ბიოლოგიურ ტესტში აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი" საქართველოში, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება.

„ამ ეტაპზე, რაც დასტურდება ოფიციალური განცხადებით, ეს იყო საინფორმაციო ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის განკუთვნილი კიბერშეტევა, რაც გულისხმობს კიბერშეტევით ინფორმაციის მოპოვებას და შემდგომ მაკომპრომეტირებელი კონტენტის შექმნას. გამოქვეყნებული მუხტი ეხება, თითქოს საქართველოში არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაში, რომელიც სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორიაა, ხდებოდა „ნოვიჩოკის" წარმოება და თითქოს ამას არაფერი კავშირი არ აქვს რუსეთთან. ბუნებრივია, ეს არის ბინძური სპეცოპერაცია, რუსული სადაზვერვო ოპერაცია და მიზნად ისახავს საქართველოს დისკრედიტაციას და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთისგან ისრების გადატანას.

საკითხი ეხება იმას, რომ გერმანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით" მოწამლეს. ეს რუსეთისთვის, შეიძლება მძიმე ფასი იყოს, რადგან ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს გაერთიანებისკენ და ერთად რეაგირებისკენ.

ამ საკითხიდან გამომდინარე მოხდა კიბერშეტევა, მოხდა ფაბრიკაცია ლუგარის ცენტრიდან წაღებული ინფორმაციების, რაც სუფთა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. სულ ორიოდე დღის წინ ჰქონდათ საპარლამენტო დონეზე განცხადება, რომ თითქოს „ნოვიჩოკი" მზადდება საქართველოში და კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში", - აცხადებს ანდრო გოცირიძე „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×