
ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ აფეთქების შედეგად დაშავებულ 33 წლის მამაკაცს ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის, – ამის შესახებ მედიასთან, პაციენტის სამედიცინო კვლევების დასრულების შემდეგ, მკურნალმა ექიმმა, ლევან ბესელიამ განაცხადა.
დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს მას აღენიშნებოდა ტრავმული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
ლევან ბესელიას ინფორმაციით, პაციენტმა ჭრილობები მიიღო სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის სახეზე.
„შემოყვანისას დაფიქსირდა ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დამწვრობა სახის, კისრის და გულ-მკერდის არეში. ჭრილობები მხრის, კისრის არეში მრავლობითი ეკსკორიაციები. შემოყვანისას პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარებულია სრულყოფილი კვლევა, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. მძიმე მწვავე დაზიანებები აღმოჩენილია ფილტვის არეში, დაჟეჟილია ფილტვი. სხვა დაზიანებები არ იქნა ნანახი. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები არ არის. ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს“, – განაცხადა ექიმმა.