
კორონავირუსის პანდემიის გამო გაერო მხოლოდ 6 საათით გაიხსნა და ამ ძალიან ვიწრო მონაკვეთში ჩავსვით საქართველოს საკითხი, - ამის შესახებ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.
„თუ დავუშვებთ და წარმოვიდგენთ, რომ მსოფლიოში გლობალური მთავრობაა, მაშინ გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს პრეზიდენტი იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ანალოგიით კარგად ჩანს, რა მნიშვნელობა აქვს გაეროს და საქართველოს საკითხის მხარდაჭერას. ბუნებრივია, ეს არის ზეწოლა რუსეთზე, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის ერთ აზრზე, ისინი კი რჩებიან სხვა აზრზე. ჩვენ მოვახერხეთ და რეზოლუცია მიმდინარე სესიაზე გავიტანეთ. გაეროს სესიები სექტემბრიდან სექტემბრამდე ტარდება, ყოველ სესიაზე გადის ჩვენი დოკუმენტი, მიიღება რეზოლუციაც და ამგვარად საკითხი შემდეგი სესიის დღის წესრიგში ხვდება. საკითხი ამ სესიაზე რომ არ გაგვეტანა, ის დღის წესრიგიდან შეიძლება გამქრალიყო და უზარმაზარი წინააღმდეგობების გადალახვა დაგვჭირდებოდა დღის წესრიგში მის შესაყვანად. პანდემიის გამო ახლა გაერო დაკეტილია და კენჭისყრები ფიზიკურად არ ტარდება, გადაწყვეტილებები კი მხოლოდ კონსენსუალურ თემებზე მიიღება. ვერ შეთანხმდა მსოფლიო, რომ ელექტრონული კენჭისყრა დანერგილიყო და გაერო გაიხსნა მხოლოდ 6 საათით. ამ ძალიან ვიწრო მონაკვეთში ჩავსვით საქართველოს საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია გავიდა. მეორე დადებითი მომენტია ის, რომ რეზოლუცია ასე კარგად გავიდა. მესამე კი ის, რომ ამდენი თანაავტორობა ჰყავდა. ეს ჰაერიდან არ მოდის, ამ ყველაფერს წლების განმავლობაში მუშაობა უძღოდა წინ. პანდემიის დროს ქართული დიპლომატია მოკლებული იყო იმ საშუალებას, რომ შეხვედრები ჩაგვეტარებინა და ამ საკითხზე გვემუშავა, მაგრამ ყველაფერი შედარებით მარტივია, როდესაც გაქვს ნდობა. ამ ნდობის მოსაპოვებლად რაღაც პერიოდია საჭირო, ამიტომ ეს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის ყოველდღიური მუშაობის შედეგია. თანაც, ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც შენს წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს. როდესაც ამ პირობებში მეგობრებთან ერთად იმარჯვებ, ეს ნიშნავს რომ შენ კარგი მეგობრები გყავს და შენც იმსახურებ ამ პარტნიორობას“, - განაცხადა იმნაძემ.