
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ამას ვეღარ გაუძლოს. ამაზე ქართველი ექსპერტები საუბრობენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და გასული კვირის სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ყოველდღიურად ინფიცირების იმაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
გასულ ხუთშაბათს აფხაზეთში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 42 ახალი შემთხვევა ერთ დღეში, პარასკევს კი - 40. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 სექტემბრის მდგომარეობით აფხაზეთში დაფიქსირებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 466 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 154 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, 4 სექტემბრის მდგომარეობით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 308 აქტიური პაციენტია, დანარჩენ საქართველოში კი - 300.
„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო. ამიტომაც არ გამორიცხვენ, სექტემბრის ბოლომდე რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.
ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოს გაიხსნა და მას შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. თუ მაისიდან ივლისის ბოლომდე აფხაზეთში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი, უკვე 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ დახმარების შესახებ შეთავაზება დიდი ხანია გაკეთებულია, შესაბამისად ნაბიჯის გადმოდგმა ახლა მათზეა. თუმცა, მისივე თქმით, რაც უფრო ხშირად იქნება ქართულ მედიაში საუბარი ასეთ დახმარებაზე, მით უფრო შემცირდება აფხაზების მხრიდან ასეთი დახმარების მირების სურვილი.
„შეთავაზება ჩვენი მხრიდან დიდი ხანია გაკეთებულია. მათ უნდა თქვან რა უნდათ და რა სჭირდებათ. ასევე, აფხაზ ექიმებთან თბილისიდან ტელეხიდი გვქონდა და გარკვეული ინფორმაციების გაცვლა მოხდა. რაც შეეხება ხელახლა შეთავაზებას, ეს შეთავაზება უკვე გაკეთებულია და მეტის დამატება აღარ შემიძლია.
„მე ჩემი სათქმელი ვთქვი. ამაზე ქართულ მედიაში საუბარი რაც უფრო მეტი იქნება, მათ მხრიდან თანამშრომლობაზე მზაობა ნაკლები. ვიცით, რომ ასევე პაციენტები გადმოსულები არიან სამკურნალოდ. სხვა მეტის თქმა არ შემიძლია“, - ამბობს პაატა იმნაძე „რეზონანსთან“.
„მათ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს...“
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბრისას აფხაზეთში ეპიდემიის „აფეთქებას“ ე.წ. საზღვრის გახსნას უკავშირებს. მისი თქმით, ზრდა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ტურისტების დიდი ნაკადით შესვლა დაუშვეს, რადგანაც აფხაზეთში ეკონომიკურადაც საკამაოდ მძიმე სიტუაციაა.
„ტექნიკურად მეტ-ნაკლებად აფხაზეთს მხარში როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები უდგას. ასევე მხადაჭერა რუსეთის მხრიდანაც აქვთ. მათ რამდენიმე მძიმე ავადმყოფი სოჭშიც კი გადაიყვანეს და იქ მკურნალობენ. არის სხვადასხვა მხარდაჭერა, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. არ ჰყავთ ექიმები და არ არიან ამ ვირუსთან საბრძოლველად მობილიზებულები. შესაბამისად, სიტუაცია კონტროლიდან გაექცათ. როგორც ვიცი, ახლა 2-3 კაცია საქართველოში საკუთარი ნებით გადმოსული. ანუ ამ დახმარებას აფხაზეთი არ ითხოვს, თუმცა არც წინააღმდეგობას უწევს.
„როგორც წესი, ასეთი მსურველები მაინც გალელები არიან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი მაინც ქართულ რეალობასთან ინტეგრირებული არიან და სამკურნალოდ ისინი გადმოდიან. როცა განიკურნებიან, არ ამბობენ ვინ განიკურნა, ამიტომაც ზუსტად არ ვიცით ეს ხალხი უკან დაბრუნდნენ, თუ ისევ მკურნალობენ. ერთი ორ კვირის წინ რომ გადმოვიდნენ, ეს ვიცი. თუმცა, რომ ვთქვა რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს, ასე არ არის“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
ჩვენს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აფხაზეთიდან საქართველოში კორონავირუსზე სამკურნალოდ გადმოსვლა ფარულად ხდებოდეს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას ამის შესახებ არ სმენია. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მაინც საჯარო ხდება, რადგანაც სხვადასხვა ვალდებულებებით პროტოკოლებია ჩართული და ჩუმად ამის გაკეთება რთულია. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა მსგავსი ფაქტი იყოს, თუმცა მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, ხომ არ არის აფხაზეთში კორონავირუსის მატების გამო პანიკა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მოქალაქეები, აფხაზეთის მოსახლეობაც ამ ვირუსს შეეჩვია და ხალხში პანიკის მომენტები უკვე ნაკლებია. თანაც რუსეთი ამტკიცებს, რომ მათ ვაქცინა გამოიგონეს და აფხაზური მოსახლეობის დამშვიდება ამითაც ხდება.
„სამწუხაროდ ახლა ხელისუფლებაში აღარ არის ის ხალხი, ვისაც აფხაზურ ე.წ. მთავრობასთან პირდაპირი კონტაქტები ექნებოდა. ამიტომაც მათი მხრიდანაც ნდობის მომენტი ნაკლებია. ძირითადი ურთიერთობები მაინც უსაფრთხოების სამსახურებს აქვს. ამიტომაც თავშეკავება მეტია. თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები თუკი მსგავს დახმარებას რომელიმე აფხაზს გაუწევენ, მერე ამას საჯაროს ხდიან და ბაქი-ბუქის საგნად აქცევენ. ამიტომაც რომც გაუჭირდეთ პირდაპირ კომუნიკაციას ერიდებიან“, -ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
„იქ იგივე მოხდა, რაც აჭარაში“
კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეც ამბობს, რომ აფხაზურ მოსახლეობაში, მიუხედავად გაზრდილი შემთხვევებისა, კორონავირუსის არსებობის ნაკლებად სჯერათ. არეშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როგორც საქართველოში, იქაც ვრცელდება ჭორები, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად არის მოგონილი და საშიში არაფერია.
რაც შეეხება მიზეზს, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა თუ რამ გამოიწვია, კონფლიქტოლოგი ამას აფხაზეთში გაზრდილი ტურისტული ნაკადით ხსნის. მისი თქმით, აფხაზური მედია წერს, რომ ე.წ. საზღვარი მილიონამდე ტურისტმა გადალახა.
„მილიონი ტურისტი ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ათასი ტურისტი ვივარაუდოთ. ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც ვიცით, საკამოდ მძიმე მდგომარეობაა და გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთში ასე მოიმატა. თუ ვივარაუდებთ, რომ ტურისტული სეზონი სექტემებრის ბოლომდე მყარად არის, დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
„დაახლოვებით იგივე აჭარის რეგიონშიც მოხდა. სადაც ადამიანების სიმჭიდროვეა და თავყრილობაა, გავრცელების მასშტაბი, რა თქმა უნდა, იქ უფრო დიდია. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ამ მიმართულებით ექიმების პროფესიონალიზმის დონე გაიზარდა. თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის.
„პრინციპში ინფექციური საავადმყოფოს ფუნქცია გუდაუთის საავადმყოფომ აიღო, რომელიც ამ პროფილის არ არის. თუმცა კრიტიკულ მასას, თუ ასეთი შეიქმნა, ნამდვილად ვერ გაუძლებენ. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, საკმაოდ აქტიურია. რაოდენობის თვლალსაზრისით მართალია შეზღუდულია, მაგრამ დახმარება მაინც ხდება“, - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საწყისში საკმაოდ ქმედითი დახმარება გაუწია, თუნდაც ვიდეო კომფერენციის თვალსაზრისით. არეშიძე ამბობს, რომ აფხაზი ექიმების ნაწილის სანათესავო თბილისში ცხოვრობს, თუმცა მათი ვინაობის გამხელისგან თავს შეიკავებს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ აფხაზ ექიმებს აქეთ მხარეს კონსულტაციები მუდმივად აქვთ, ზოგჯერ პირდაპირი და ზოგჯერაც ნათესავების მეშვეობით.
„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების დახმარებას, უფრო აქტიური უნდა იყოს. როდესაც ვამბობთ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამას ვიჩემებთ და ნამდვილად ასე უნდა იყოს, მაშინ დახმარების შეთავაზებები მუდმივად უნდა ხდებოდეს, ამას ექნება ფორმალური ხასიათი თუ არა. რა თქმა უნდა, ახლა უარს იტყვიან ამ დახმარების მიღებაზე. ბევრი პოლიტკოსი აფხაზეთში ბჟანიას და შამბას გამონათქვამების გამო ისტერიკაში არიან. თუმცა ჩვენ ჩვენის მხრიდან რაც გვევალება, ის უნდა გავაკეთოთ“,-ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.