
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის რეგიონის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არის.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობის მდგრადობა შეინარჩუნა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად არ გაიზარდა.
„არ განიხილება რეგიონის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება. არც განგაშის საფუძველს არ იძლევა ეს შემთხვევების მატება რაც აჭარაში დაფიქსირდა. ეს გარდაუვალია, როდესაც ჩვენ კოვიდის პანდემიის გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენს უშუალო მეზობელ ოთხ ქვეყანაში და მეორე რიგის მეზობელ ქვეყნებში ვერაფრით ვერ მიაღწიეს ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას, გარკვეულად შეზღუდულია მიმოსვლა, მაგრამ არის კონტაქტები, ტვირთბრუნვა. ჩვენ მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ გარკვეულ მიკროაფეთქებებს და მატებას, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდები და ეს მიკროაფეთქებები და ლოკალური მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადგილი ექნება ქვეყანაში ფართო გავრცელებას. ასევე, საქართველომ არა მარტო მიაღწია სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდ წარმატებას კოვიდთან ბრძოლაში, როგორც შემთხვევების სიმცირის მხრივ, ისე გარდაცვლილთა სიმცირის მხრივ. მთავარი, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო ჯერჯერობით არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიღწეული შედეგები აღმოჩნდა მდგრადი. ყველგან, სადაც მოხსნეს შეზღუდვები, ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა მკვეთრი მატება და არა ისეთი, როგორიც ჩვენთან",- განაცხადა ცერცვაძემ.